მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტი 30 ივნისს "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

გახარია

30 ივნისს, "ოცნების" პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკითხი დღის წესრიგში იმ მიზეზით დადგა, რომ აღნიშნულმა დეპუტატებმა პლენარული სხდომები არასაპატიო მიზეზით გააცდინეს.

„დღემდე არსებული ინფორმაციით, მათი მხრიდან სხდომების გაცდენა არასაპატიო მიზეზით ხდება, თუმცა საკითხი კომიტეტის მიერ გადამოწმდება. კომიტეტის მხრიდან 12-ვე პირი შემოწმდება, თუ რამდენად დაირღვა მათი მხრიდან პარლამენტის რეგლამენტი. საკითხის შემოწმების შემდეგ გაკეთდება დასკვნა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მე-11 მოწვევის პარლამენტში 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი. პარტიის წევრები, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური ძალების ნაწილი, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, რომლებიც მანდატებზე თავადვე განაცხადეს უარი, „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განაცხადი არ შეუტანიათ და ასევე არ გაუუქმებიათ საკუთარი საარჩევნო სია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები