საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც 282,000 მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ელექტრონული წამკითხველი არ აქვს, გაუქმდება. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი პირადობის მოწმობის დამზადება 60 ლარი ღირს, თუკი ეს მოქალაქეები პირადობებს განაახლებენ, მაშინ მათი მთლიანი დანახარჯი 16.9 მილიონი ლარი იქნება.
აღნიშნული ინიციატივა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მას მხარი დაუჭირა. პროექტის თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე. ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე პირადობის იმავე მოწმობების სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობებზე დაიტანება შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, დღესდღეობით კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქის პირადობის ათეულობით ათასი მოქმედი არაელექტრონული მოწმობა (პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), რომლებსაც ამჟამადაც ფლობენ ამომრჩევლები და რომელთა მოქმედება უვადოა ან 20 წლის ვადას შეადგენს, პირადობის ასეთი მოწმობები გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.
„კანონპროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID-ბარათებით) შეცვლის დამატებითი მოტივაცია“, - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ფრიდონ ინჯია, თენგიზ შარმანაშვილის და გურამ მაჭარაშვილი.