ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ კურორტ ლებარდესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დასრულება თავად კურორტზე არსებული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული.
საქმე ის არის, რომ კურორტ ლებარდესთან მისასვლელი გზა ჯამში 34 კილომეტრია, აქედან 6 კილომეტრზე გზის საფარი 2019 წელს დაიგო. დარჩენილი 28 კილომეტრის გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება 2022 წელს იგეგმებოდა, რაზეც 26 მლნ ლარი დაიხარჯებოდა.
„ძალიან კარგი ახალი ინსტრუმენტი შემოვიტანეთ - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასების მექანიზმი. კურორტებს რაც შეეხება, მესმის, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იქ მხოლოდ გზა არ იქნება საკმარისი, თუ იქ დამატებითი ინვესტიციები არ ჩაიდება, ამიტომ ეს ერთობლივად უნდა დაიგეგმოს გზის რეაბილიტაცია და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. მე მექნება ეს დღის წესრიგში, ვფიქრობ, ერთდროულად უნდა დაიგეგმოს კურორტის ინფრასტრუქტურაც და გზაც, რადგან თუ კურორტის ინფრასტრუქტურა არ შეიქმნა, მხოლოდ გზა ვერაფერს იზამს“, - თქვა გიორგი კაკაურიძემ.
საკითხით პარლამენტის დეპუტატი, ფრიდონ ინჯია დაინტერესდა. მან კაკაურიძეს ასევე ჰკითხა, თუ რა ოდენობის ინვესტიცია იქნება საჭირო კურორტზე განსახორციელებლად იმისთვის, რომ გზა გაკეთდეს.
„ჩვენ არ ველოდებით კერძო ინვესტიცია რამდენი უნდა მოვიდეს, რომ იქ ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. ჩვენ ვფიქრობთ, იქ რა იქნება ეკონომიკისთვის უკუგება. მე არ ვგულისხმობ ვინმე მოვიდეს ჩადოს რამდენიმე მილიონის ინვესტიცია და ჩვენ გზას გავაკეთებთ. მე ვამბობ, უნდა მოხდეს შეჯერება, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურიდან რა არის იქ გასაკეთებელი ისეთი, რომ მერე გზა დაიგოს. თუ სახელმწიფომ არ გააკეთა წყალი, გაზი, ამას კერძო ინვესტორი ვერ გააკეთებს“, - თქვა კაკაურიძემ.