მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების კანონპროექტს განიხილავს

615ff5452f0c1
შოთა ტყეშელაშვილი
08.10.21 12:36
973
საქართველოს პარლამენტი ეკონომიკის სამინისტროს და სებ-ის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს განიხილავს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების შესახებ. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მსგავს აქტივებს ქართული კანონმდებლობა, ჯერჯერობით, არ იცნობს, შესაბამისად აუცილებელია განისაზღვროს მათი ფლობის და ვაჭრობის წესები.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს ახასიათებთ ის, რომ ისინი ფიზიკური ფორმით არ არსებობენ და მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტის ელექტრონულ ჩანაწერებში ინახებიან.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ახსნილია, რომ ფასიანი ქაღალდები 3 კატეგორიას მიეკუთვნება და მათგან ერთ-ერთი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებია:

1) მატერიალური ფორმით არსებობს საწარმდგენლო და საორდერო ფასიანი ქაღალდები. საწარმდგენლო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება დასტურდება დოკუმენტის ფლობით, ხოლო საორდერო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში მესაკუთრის ვინაობა დოკუმენტზეა მითითებული.
2) რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში და მასზე საკუთრების უფლებაც დასტურდება რეესტრში ჩანაწერით ან „სერტიფიკატით“.
3) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები არსებობს მხოლოდ ანგარიშზე ჩანაწერის სახით (book-entry) და მათზე საკუთრების უფლება დასტურდება სისტემის ამონაწერით. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შედეგად გაჩნდა, რომლის წყალობითაც აღარაა საჭირო ფასიანი ქაღალდების მატერიალური ფორმით ფლობა ან მათი რეგისტრაცია. ეს საშუალებას იძლევა ყოველდღიურად ფასიან ქაღალდებზე მარტივად განხორციელდეს უამრავი ტრანზაქცია, რაც კაპიტალის ბაზრის სწრაფი განვითარებისა და საბოლოოდ, ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა.

სწორედ მესამე კატეგორიის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებს ეხება კანონპროექტი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები