მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი და ბაზრის რეგულირების რა კანონპროექტს განიხილავს პარლამენტი?

64760fcd22a34
ელენე გოგბერაშვილი
30.05.23 23:45
1001
სტატიაში საუბარია:
USAID-ის საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში პარლამენტში "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა გაიმართა. კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ავტორობით შემუშავდა და კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. მსგავს აქტივებს ქართული კანონმდებლობა ჯერჯერობით, არ იცნობს, წარმოდგენილი ცვლილებები კი განსაზღვრავს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობისა და ვაჭრობის წესებს.

დღეის მდგომარეობით კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ „არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ცნებას, ეს ისეთი ინსტრუმენტია, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა არსებობდეს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში. წარმოდგენილი კანონპროექტით კი შემოდის „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის“ ცნება. ასეთი ფასიანი ქაღალდები არსებობს მხოლოდ ანგარიშზე ჩანაწერის სახით და მასზე საკუთრების უფლება დასტურდება სისტემის ამონაწერით. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შედეგად გაჩნდა, რა შემთხვევაშიც აღარაა საჭირო ფასიანი ქაღალდების მატერიალური ფორმით ფლობა ან მათი რეგისტრაცია. როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, ეს საშუალებას იძლევა ფასიან ქაღალდებზე მარტივად განხორციელდეს უამრავი ტრანზაქცია, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის არა მთავარი, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

“ყველა ტიპის ფასიანი ქაღალდი ერთნაირად იქნება დაცული ანგარიშსწორების დროს და შენახვის რისკები იქნება მინიმიზებული. დაცულობა რა თქმა უნდა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარდეს, თუმცა თუ ეს არ არის ვერ განვითარდება. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი საკმაოდ განვითარებულია და ამის მთავარი ფაქტორი ისიც არის, რომ ტრანზაქციული რისკები იქ ნულამდეა შემცირებული.

ეს ცვლილებები არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი, ანალოგიურია, რასაც სხვა ქვეყნებში ნახავთ, ამიტომ უცხოელი ინვესტორებისთვის ეს ცნობილია და მათთვისაც უფრო მოქნილი და კომფორტულია ისეთ გარემოში შემოვიდნენ, რომელიც იციან, რაც ჩვენი აზრით, კორპორაციულ ობლიგაციებზე დაინტერესებას არარეზიდენტი ინვესტორებიდანაც გაზრდის“,- აცხადებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი.

შემოდის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებულად დეპოზიტართან აღრიცხვის ვალდებულებაც, რომელიც ეროვნული ბანკის ლიცენზირებული იურიდიული პირია. ასეთი აქტივები გამოშვებული უნდა იქნას სწორედ ცენტრალურ დეპოზიტარში. როგორც კანონპროექტის ავტორები ამბობენ, თავად დეპოზიტარის ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვნად ზრდის ანგარიშსწორების უსაფრთხოებას. მოქმედი რეგისტრატორებისგან განსხვავებით ცენტრალური დეპოზიტარი აღჭურვილი იქნება შესაძლებლობით და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდის უსაფრთხო ანგარიშსწორება. ამასთან რეგისტრატორებისგან განსხვავებით, კანონპროექტის თანახმად, ცენტრალური დეპოზიტარი მიიღებს მონაწილეობას დივიდენდისა და პროცენტის დარიცხვაშიც.

„მთავარი, რაც ამ კანონპროექტით იცვლება, არის ის, რომ ნაცვლად ფურცელზე არსებული ფასიანი ქაღალდებისა, შემოგვაქვს მსგავსად საბანკო ანგარიშებისა ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მეშვეობით ანგარიშსწორება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პროცესში ჩართულ სუბიექტებს, ასევე ამცირებს ტრანზაქციის ხარჯებს და მინიმუმამდე დაყავს ნებისმიერი ტრანზაქციის დახურვისთვის საჭირო დრო. ნაცვლად იმისა, რომ 3-4 კვირა დაგჭირვებოდა მინდობილობის ჩამოსასვლელად და აპოსტილის დასამოწმებლად და ა.შ ძალიან მარტივად ერთ დღეში შეიძლება მთლიანად ფასიანი ქაღალდების გადარიცხვა და თანხის მიღება. ეს ცხადია ზრდის, საერთაშორისო ინვესტორების და ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან დაინტერესებას და მოთხოვნა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ამ ბაზრის განვითარების“, - აცხადებს თამთა ივანიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსპერტი.

კანონპროექტის თანახმად, შემოდის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის ინსტიტუტიც. კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე, თუ მან ეს აქტივები უსასყიდლოდ მიიღო. აღსანიშნია, რომ ახალი კანონი გავრცელდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ემიტენტების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები