საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში $43 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა - ამის შესახებ თავად სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ეს ოქრო სავალუტო რეზერვებში არ შედიოდა. შეგახსენებთ, სებ-მა 2024 წლის მარტ-აპრილში, ჯამში, 6.1 ტონა ოქრო შეიძინა, რომლის ფასიც ამჟამად 608 მილიონ დოლარს შეადგენს.
ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის ივნისიდან ოქროს შესყიდვები გააქტიურა, თუმცა ის სავალუტო რეზერვებში არ შეიყვანა და ცალკე მდგომი სახით "სხვა აქტივებად" შეინახა. 2024 წლის მაისამდე ამ კატეგორიაში სებ-ს მხოლოდ 1.5 მილიონი დოლარის ოქრო ჰქონდა შენახული, ივლისში კი ამ ოქროს მოცულობამ 47 მილიონ დოლარს მიაღწია. სტატისტიკის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა ეს ოქრო ნოემბერში გაყიდა, რის შედეგადაც მის მარაგებში მხოლოდ $3.7 მილიონის ოქრო დარჩა, რაც ერთ თვეში 43 მილიონი დოლარის კლებას წარმოადგენს. აღნიშნული ოქროს წონა მიმდინარე ფასებში, დაახლოებით, 511 კილოგრამს შეადგენს.
BMG-იმ სებ-ს მიმართა კითხვით - რა გზით მოხდა ამ ოქროს შეძენა და ხომ არ გაიყიდა ის ადგილობრივ ბაზარზე ოქროს სერტიფიკატების სახით. აღნიშნულ კითხვებზე სებ-მა გვიპასუხა, რომ აღნიშნული ოქრო სერტიფიკატებისა და ზოდების სახით გაიყიდა.
"მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია ორი ტიპის ოქრო: მონეტარული ოქრო, რომელიც საერთაშორისო რეზერვების აქტივს წარმოადგენს და საინვესტიციო ოქრო, ოქროს სერტიფიკატებისა და საინვესტიციო ზოდების სახით.
ბოლო წლებში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა და მოთხოვნაც მუდმივად არსებობს. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა.
საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს ფასი ვოლატილურია და შესაბამისად მისი ღირებულება თვიდან თვემდე იცვლება, რაც ბუნებრივი მოვლენაა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვა 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ოქროზე მოთხოვნა მზარდია და ბოლო ერთი წლის განმავლობაში დღემდე ოქროს ზოდები 529 მომხმარებელმა შეიძინა, რომლებმაც 947 ტრანზაქცია განახორციელეს,"- ნათქვამია სებ-ის პასუხში.
რაც შეეხება აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ოქროს ფასს, ის საერთო ჯამში, 12%-ით არის გაზრდილი და ამჟამად უნციის ფასი 2,616 დოლარს შეადგენს, ხოლო ოქტომბრის ბოლოს მისი ფასი ისტორიულ მაქსიმუმამდე იყო გაზრდილი და 2,787 დოლარს შეადგენდა, სწორედ მას შემდეგ დაიწყო ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული ოქროს გაყიდვა.
ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატების გაყიდვა 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. სებ-ი 1 კგ-ის ზოდებს და 20 გრამის მონეტარულ ოქროს ყიდის.
ბოლო ექვს თვეში უნცია ოქროს ფასი ასე იცვლებოდა: