“დაანონსებული ცვლილებები სამწუხაროდ, ორიენტირებულია, რაც შეიძლება მარტივად, ზედმეტი განხილვების, ზედმეტი თავის ტკივილის და ზედმეტი ჩართულობის გარეშე იფუნქციონიროს პარლამენტმა,” - ასე აფასებს პარლამენტის რეგლამენტში დაანონსებულ ცვლილებებს სამართლის სპეციალისტი კახა ურიადმყოფელი.
მისი თქმით, თუ განვითარებულ სახელმწიფოებში უმეტესი დრო სწორედ საპარლამენტო კონტროლს ეთმობა, “ქართული ოცნების” ინიიცირებული ცვლილებებით პირიქით, ადგილი აქვს პარლამენტის როლის შესუსტებას.
„წინა რეგლამენტის შემთხვევაში, როცა მასზე ვმუშაობდით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ მორგებოდა პარლამენტის საქმიანობას, საპარლამენტო მმართველობის მოდელს, პარლამენტი გადასულიყო ნაჩქარევი საქმიანობიდან უფრო მეტად დებატებზე ორიენტირებულ საქმიანობაზე, 100-ჯერ გაზომვის და ერთხელ გაჭრის პრინციპზე, რის საპირისპიროს ვხედავთ ამ რეგლამენტში. ამ რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები თავიდან ბოლომდე მორგებულია ნაკლებ დებატზე, დაჩქარებულ პროცესებზე.
განვითარებული სახელმწიფოებში უმეტესი დრო სწორედ საპარლამენტო კონტროლს ეთმობა, შემდეგ მოდის საკანონმდებლო, თუ სხვა საქმიანობები. აქ კი ვხედავთ, რომ პირიქით პარლამენტის როლის შემცირებას ამ კუთხით“,-აცხადებს სამართლის სპეციალისტი.
ქართული ოცნება საპარლამენტო საქმიანობის წესებს ცვლის. პროექტის მიხედვით, 1 ივლისიდან ძალაში უნდა შევიდეს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც ახლებურად არეგულირებს თანამდებობის პირის არჩევას, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას, პრეზიდენტის არჩევასა და თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხებს. პარლამენტის რამდენიმე კომიტეტს სახელი შეეცვლება, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას კი პრეზიდენტი აღარ გახსნის. ცვლილებები შეეხება პარლამენტის სათათბირო ორგანოებსაც.
გაუქმდება გენდერული თანასწორობის, ღია მმართველობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები, რომლებიც წლების განმავლობაში საკონსულტაციო ფორმატით ფუნქციონირებდნენ. კომიტეტი აღარ იქნება ვალდებული, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სამუშაო შეხვედრების ოქმები. ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად, უქმდება "მინისტრის საათი", რა ფორმატშიც მთავრობის წევრები წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე გაწეული მუშაობის ანგარიშით გამოდიოდნენ და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდნენ, ხოლო სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირების ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება.
„მინისტრის საათის ამოღება ნიშნავს, რომ საერთოდ აღარ გამოჩნდებიან მინისტრები პარლამენტში. ან თვითონ თუ მოისურვებენ ან თუ დაიბარეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა. ერთადერთი ნორმა, რომელიც ავალდებულებდა მინისტრებს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამოჩენილიყვნენ ანგარიშით, სწორედ ეს კომპონენტია ამოღებული რეგლამენტიდან.
ყველა განვითარებულ ქვეყანაში არათუ წელიწადში ერთხელ, არამედ თითქმის ყოველკვირეულად პარლამენტში, როგორც ხალხის წარმომადგენლობით ორგანოში მიდიან მინისტრები და აბარებენ საზოგადოებას ანგარიშს. პარლამენტი არის პირველ რიგში სათათბირო ორგანო, სადაც უამრავი დებატია, აზრთა სხვადასხვაობაა, საზოგადოების ჩართულობაა და ა.შ არცერთი ეს კომპონენტი აღარ გვექნება და როგორც ჩანს აღარ გვექნება საპარლამენტო კონტროლი. პარლამენტი ფაქტობრივად ხდება უფრო ფორმალური ფუნქციების მატარებელი სუბიექტი და არა ბევრი განხილვების, დისკუსიების, მსჯელობების კონტროლის, ზედამხედველობის ორგანო.
კიდევ ერთი საინტერესო მექანიზმი აღარ გვაქვს, ეს არის თემატური მოკვლევები, როცა კომიტეტების ფარგლებში ტარდებოდა სხვადასხვა თემატური მოკვლევები. ერთ-ერთი მინუსი რაც არის, არის ის, რომ ამ დროს საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული, რადგან თემატური მოკვლევა ითვალისწინებდა, რომ პარლამენტი საზოგადოებას სთავაზობდა მოსაზრებების წარდგენას, გამოქვეყნებას, შემდეგ იწვევდა ამ მოსაზრებების ავტორებს. ანუ საზოგადოების კარიც ფაქტობრივად იხურება და ირაზება საპარლამენტო ცხოვრებაში და ესეც არის მინუსი“,-აცხადებს კახა ურიადმყოფელი.
პარლამენტის რეგლამენტის პროექტში დაზუსტებულია საკითხები, რომლებიც კომიტეტების გარეშე პირდაპირ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება. კერძოდ, საკომიტეტო განხილვა აღარ იქნება საჭირო თანამდებობის პირის არჩევის, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, პრეზიდენტის არჩევის, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენებისა და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების შემთხვევაში. გარდა ამისა, კომიტეტებს აღარ მოუწევს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რომლის შედგენა, მომზადება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება მათი ყოველწლიური ვალდებულება იყო.
"კომიტეტი არის უმნიშვნელოვანესი რგოლი საპარლამენტო ცხოვრების, რადგან კომიტეტები თემატურად საქმიანობენ, თემატურად განიხილავენ კანონპროექტებს და ახორციელებენ საპარლამენტო ზედამხედველობას. წარმოუდგენელია ასეთი მნიშვნელოვანი მექანიზმების გაუქმება როგორიც არის კომიტეტის სამოქმედო გეგმა, რომლითაც ის მთელი წლის სამოქმედო გეგმას გაწერდა და იქ აღინიშნებოდა როგორც საკანონმდებლო საქმიანობის, ისე საკონტროლო ფუნქციების განხორციელების დღის წესრიგი, პასუხისმგებელი პირები. ეს ყველაფერი აღარ გვაქვს ახალი რეგლამენტის პროექტით.
რაც შეეხება ანგარიშებს, მისი მიზანი იყო საზოგადოება გასცნობოდა ამ ანგარიშებს, ყოფილიყო განხილული პლენარულ სხდომებზე, რაც ხდებოდა კიდეც, სამწუხაროდ ახლა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს გაიგზავნება ეს ანგარიში და ამით მოხდება კომიტეტის საქმიანობის შეფასება",-აცხადებს ურიადმყოფელი.