სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კახა ურიადმყოფელი განმარტავს, თუ რა პროცედურებით მიიღებს მთავრობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს.
ურიადმყოფელი სოციალურ ქსელში წერს, რომ 14 მაისი იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და პოლიტიკურად ცხელი დღე, შესაბამისად, ამ დღეს ყველას მართებს სრული მობილიზება პარლამენტს შიგნით თუ მის გარეთ.
„ზუსტად რომ ვიცოდეთ, რა გველოდება პარლამენტში ამ დღეებში: ბევრი პოსტი და კომენტარი შემხვდა 17 მაისთან დაკავშირებით, მაგრამ შეგიძლიათ დაივიწყოთ ეს თარიღი. პლენარული სხდომები იწყება სამშაბათს და პარასკევამდე მისი გაწელვა ხელოვნური ჩარევის გარეშე ძალიან რთულია - გააჩნია ბევრ ფაქტორს, მათ შორის, საკითხების სიმრავლეს და რიგითობასაც. მაღალი ალბათობით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი საბოლოო მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის სამშაბათს, 14 მაისს. მანამდე კი, 13 მაისს 09:00 სთ-ზე, კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორი - კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, რომ, როგორც კომიტეტის, ისე პლენარული სხდომის თავმჯდომარეები მიკროფონს გაუთიშავენ და ალბათ სხდომიდანაც გააძევებენ ყველა იმ დეპუტატს, ვინც კანონპროექტის შინაარსობრივ მხარეზე გააკეთებს კომენტარს. მეორე მოსმენით განხილვის დროსაც კი არ მიეცათ დეპუტატებს შესაძლებლობა მოსაზრებების ნორმალურად დაფიქსირების და მით უმეტეს მესამე მოსმენაზე ამის შესაძლებლობას საერთოდ არ მისცემენ. შესაბამისად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კანონპროექტის განხილვისას მიკროფონი მხოლოდ მომხსენებლისთვის იქნება ჩართული და სხვა ვერავინ ვერ შეძლებს პოზიციის დაფიქსირებას.
თუმცა კომიტეტის სხდომისგან მაინც განსხვავებული იქნება პლენარული სხდომის დღე. სამშაბათობით, სხდომა იწყება პოლიტიკური განცხადებებით, სადაც დეპუტატებს საშუალება ეძლევათ 4+1 წუთის ფარგლებში თავისუფლად ისაუბრონ ნებისმიერ საკითხზე. ეს გამოსვლები აქტიურად უნდა გამოიყენონ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.
საგულისხმოა კიდევ ერთი ამბავიც. სავარაუდოდ, სამშაბათსვე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს ე.წ. ოფშორების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს (ვეტოს) და დაძლევს მას. რეგლამენტის თანახმად, ვეტოს საკითხის განხილვისას პარლამენტში მოხსენებით წარდგენის უფლება აქვს პრეზიდენტის წარმომადგენელს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თავად პრეზიდენტსაც შეუძლია პირადად წარდგეს პარლამენტის წინაშე და უშუალოდ დააფიქსიროს მისი პოზიცია. საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავსი ჟესტი ნიშნავს იმას, რომ საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ამიტომ კარგი იქნება თუ პრეზიდენტი განიხილავს ამ შესაძლებლობას და საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ გამოიყენებს პარლამენტის ტრიბუნას ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს.
მოკლედ, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ 14 მაისი იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და პოლიტიკურად ცხელი დღე. შესაბამისად, ამ დღეს ყველას გვმართებს სრული მობილიზება პარლამენტს შიგნით თუ მის გარეთ“, - აცხადებს ურიადმყოფელი.