სამართლის დოქტორი, პროფესორისა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებლის, კახა ურიადმყოფელის შეფასებით, ე.წ. რუსული კანონის საბოლოო მიზანია, რომ ქვეყანაში აღარ დარჩეს ხმის ამომღები.
როგორც მან BMGTV-ს გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, მსგავს კანონებს ისეთ ქვეყნებში იღებენ, სადაც ხელისუფლებაში დარჩენას მუდმივად აპირებენ.
კახა ურიადმყოფელის თქმით, კანონპროექტის გამართლებისას აპელირება სუვერენიტეტის თემით ხდება, რეალურად კი, მსგავსი ნაბიჯი საქართველოს იზოლაციამდე მიიყვანს, სწორედ ამიტომაა კანონი რუსული ყაიდის.
„როდესაც ხმის ამომღები ადამიანი არ რჩება, ამით შეიძლება სარგებლობდეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება. მხოლოდ ისეთ ქვეყნებში იღებენ ასეთ კანონებს, სადაც ხელისუფლებები ხელისუფლებაში დარჩენას სამუდამოდ აპირებენ.
ერთი საკითხი, რითაც ამართლებენ და ბევრ ადამიანზე მუშაობს, ისაა, რომ თითქოს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მოწოდებები, რჩევები, რომ გვქონდეს დემოკრატია და ცვლილებები, სუვერენიტეტის შელახვაა. მინდა მთელ აკადემიურ სექტორს მოვუწოდო, რაც შეიძლება სიფხიზლისკენ და აქტიურობისკენ. ჩვენ თუ ახლა არ ვიქეცით მართლა მქადაგებლებად, ქვეყანა გზაგასაყარზე დგას, ასეთი გზაგასაყარი ალბათ არასდროს აღარ გვექნება. ყველაზე სუვერენული ქვეყანა ჩრდილოეთ კორეაა, სადაც არათუ უცხოური დაფინანსება, ინფორმაციაც კი არ აღწევს, შემდეგ მოჰყვება თურქმენეთი და ა.შ. საკუთარ თავს და ქვეყანას უსურვო, რომ ასეთი სუვერენიტეტისკენ იარო, როდესაც აღარ გეყოლება პარტნიორი, მეგობარი, რომელიც პირიქით მოგიწოდებს. ევროკავშირი არაა მხოლოდ ეკონომიკური გაერთიანება, მაგიტომაც გვჭირდება ევროკავშირში ყოფნა, რომ არასდროს, არც ერთმა ჩვენმა ხელისუფლებამ არ გაბედოს უზურპირება.
დედამიწა ორ ნაწილად რომ გავყოთ, ერთი ნაწილია, სადაც ადამიანი არის მთავარი ღირებულება და ხელისუფალი დგას მის სამსახურში, მეორეა, სადაც პირიქით, ადამიანები ემსახურებიან ხელისუფლებას. პირველ შემთხვევაში ხელისუფლებები ცვალებადია, მეორეში ხელისუფალი მუდმივად რჩება ხელისუფლებაში. როდესაც შენ, ხელისუფალს სურვილი გიჩნდება, რომ აღარასდროს შეიცვალო, სულ რომ რუსეთიდან პირად კონტაქტზე არავინ გყავდეს, უკვე ავტომატურად გიჩნდება მისწრაფება, ემეგობრო ასეთ ქვეყნებს და არა მათ, ვინც მოგიწოდებენ, რომ ეს არაა სწორი. როდესაც ასეთ ნაბიჯებს დგამ, ავტომატურად ხდები ამ სამყაროს ნაწილი. ამიტომაცაა ეს კანონი რუსული. სულ რომ პირდაპირ არ ემთხვეოდეს რაღაც პუნქტები და ვიცით, რომ პირდაპირაც ემთხვევა, ამ კანონის შინაარსი თავიდან ბოლომდე რუსული, ჩრდილოეთ კორეული, თურქმენული ყაიდისაა“,- ამბობს კახა ურიადმყოფელი.
კანონპროექტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრისას, სამართლის დოქტორი აღნიშნავს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნების, სასამართლოს და ა.შ. თემების გარშემო მუშაობენ. სწორედ მათი განხილვა ხდება ნეგატიურ კონტექსტში და უცხოური გავლენის თუ აგენტის იარლიყის მიკერება.
„ჩემს მაგალითზე ვიტყვი, ბოლო წლებია, აქტიურად ვარ ჩართული საპარლამენტო რეფორმის საკითხებში, ძალიან გვეხმარებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ევროკავშირი, გაერო, ბრიტანელები. ძალიან ბევრ ფულს დებენ და გვეხმარებიან, რომ ჩვენთანაც დაინერგოს ჩვენთანაც დაინერგოს ისეთი დემოკრატიული საპარლამენტო მექანიზმები, რომლებიც თავიდან ბოლომდე მოქალაქეზე იქნება ორიენტირებული. მეც პირადად ვარ ჩართული და არ ვთვლი, რომ არაქართულ საქმეს ვაკეთებ. ეს კანონი პირადად მე მარქმევს, რომ ეს ჩემი საქმიანობები თურმე უცხოური გავლენაა, აგენტურული საქმიანობა და არა პატრიოტული სამის კეთება. ასეთი იარლიყი მიეკერება ადამიანებს.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტია, რომ თითქოს ცდილობენ გამიჯნონ კარგი და ცუდი არასამთავრობოები. უნდათ ცალკე გამოყონ, რომ მაგალითად, შშმ პირების საკითხებზე ვინც მუშაობს ის კარგია, თუმც ვინც შენიშვნებს გვაძლევს, არჩევნებს, სასამართლოს გვიკონტროლებს, ეგაა საშიში და მათ საკონტროლებლად კეთდება. არადა ასეთი ორგანიზაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფოსთვის. ადამიანს არ ვიცი რა შეიძლება უსურვო იმაზე ცუდი, თუ არა ის, რომ მარტო დატოვო უკონტროლო ხელისუფლებასთან“,- ამბობს კახა ურიადმყოფელი.
17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" პირველი მოსმენით მიიღო. "გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 0-ის წინააღმდეგ.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ.