მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შევეცდები მარტივად ავხსნა - რა უბედურებას ითვალისწინებს ახალი კანონი“ - სამართლის დოქტორი

სამართლის დოქტორი

სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი კახა ურიადმყოფელი Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც განმარტავს, რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსული და რატომ არ აქვს მას არაფერი საერთო განვითარებულ სამყაროსთან.

ის აცხადებს, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც კავშირში იქნება დემოკრატიის შენებასთან, კორუფციასთან ბრძოლასთან, არჩევნებზე დაკვირვებასთან თუ ა.შ. და დაფინანსდება დონორების მხრიდან, ქართულ საქმედ არ ჩაითვლება.

„შევეცდები კიდევ უფრო მარტივად ავხსნა თუ რა უბედურებას ითვალისწინებს ახალი კანონი:

წარმოიდგინეთ გადაწყვიტეთ კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე მუშაობა. ალბათ ხვდებით, რომ სახელმწიფო მსგავს საქმეს ვერ და არ დააფინანსებს. კერძო სექტორი კი საქართველოში მდიდარი არაა და მსგავსი პროექტების დაფინანსებას ვერ შეძლებს.

ამიტომ, როგორც წესი, მსგავს საკითხზე მუშაობისთვის დაფინანსების მიღება მოგიწევთ განვითარებული სამყაროს ფონდებიდან, რომლებიც ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებს ეხმარებიან დემოკრატიის შენებაში.

ახლა რა ხდება - მხოლოდ იმიტომ რომ შენ უცხოური გრანტი გაქვს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩაგეთვლება არაქართულ და არაპატრიოტულ საქმიანობად და მოგიწევს სახელმწიფო ორგანოში სპეციალური რეგისტრაცია, დაგერქმევა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი (აგენტი) და ჩაითვლები საფრთხედ.

ანუ ყველა ის საქმიანობა, რომელიც უკავშირდება:

- დემოკრატიის შენებას

- კორუფციასთან ბრძოლას

- ადამიანის უფლებების დაცვას

- არჩევნებზე დაკვირვევას

- დამოუკიდებელ სასამართლოს

- ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას

- და ა.შ.

აღარ ჩაითვლება ქართულ საქმედ!

ყველა ეს საქმიანობა მიჩნეულ იქნება არაპატრიოტულ და აგენტურულ საქმიანობად!

ყველა ის ადამიანი, რომელიც ხმას ამოიღებს კორუფციაზე, ადამიანის უფლებებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სამართლიან არჩევნებზე - ჩაითვლება უცხოეთის აგენტად და მოუწევს სახელმწიფო ორგანოებში ახსნა-განმარტებებისთვის სიარული.

სწორედ ამიტომაა ეს კანონი რუსული და არაფერი აქვს საერთო განვითარებულ სამყაროსთან.

ამ კანონის მიღება პირდაპირ ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მოსპობას და განადგურებას“, - წერს სამართლის დოქტორი კახა ურიადმყოფელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები