მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტი განათლების რეფორმას მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს - გივი მიქანაძე

მიქანაძე

პარლამენტი მომავალი კვირიდან დაჩქარებული წესით დაიწყებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას. ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მთავრობის მიერ ინიციირებული ცვლილებები რეფორმის აღსრულების პირველი ეტაპია.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული რეფორმების კონცეფციები საჯარო განხილვების შემდეგ უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ და ახლა პროცესი აქტიურ საკანონმდებლო ფაზაში გადადის.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, გასულ წელს დავაანონსეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურების მასშტაბური რეფორმები, რომელთა კონცეფციები საჯარო განხილვების შემდეგ მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. გადავდივართ მათი აღსრულების აქტიურ ფაზაში.

პირველი ეტაპი მოიცავს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას.

წარმოგიდგენთ ძირითად საკითხებს, რომელიც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარედგინა პარლამენტს და მომავალ კვირას დაჩქარებული წესით იქნება განხილული.

ზოგადი განათლების საფეხური: მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ კლასელთა ასაკი განისაზღვროს 6 წლით. ბავშვის 1-ელ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ცვლილებები ამოქმედდება 2026 -2027 სასწავლო წლისთვის.

საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ზოგადი განათლების საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად: 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხური – I-VI კლასები, საბაზო საფეხური – VII-IX კლასები, ხოლო საშუალო საფეხური – X-XI კლასები 2027-2028 წლიდან. ამავე სასწავლო წლიდან, მე-11 კლასში იქნება უზრუნველყოფილი სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის“,- აღნიშნა მიქანაძემ.

ამავე გამოსვლაზე გივი მიქანაძემ თქვა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება.

შეგახსენებთ, დეკემბერში პარლამენტმა 2 დღეში, დაჩქარებული წესით განიხილა და სამი მოსმენით დაამტკიცა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში საქართველოს მთავრობის ინიციირებული ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები