მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ ცვლილებებზე მსჯელობს

პირადობა

პარლამენტმა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება მეორე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, თუ 2024 წლის 1 მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან, 2024 წლის 1 მაისის შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობასა და საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტზე, მისი თანხმობით, დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც 2024 წლის 1 მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონში მიეთითება, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის ზემოხსენებულ ახალ მოწმობაზე ან საქართველოს მოქალაქის ზემოაღნიშნულ ახალ პასპორტზე დატანილი ჩანაწერი (დაბადების თარიღი) არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ამ მოწმობის/საქართველოს მოქალაქის ამ პასპორტის გაუქმების საფუძველი.

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ცვლილებები შედის „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში. ავტორები და ინიციატორები კი არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები