მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პარლამენტი ქართველი ხალხის მანდატით მოქმედებს და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლების მანდატით და მითითებით"- პაპუაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებას „ქართული ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ქართველი ხალხის მანდატით მოქმედებს და არა სხვა ქვეყნების ხალხებისა თუ ხელისუფლებების მითითებებით.

მისივე ინფორმაციით, ქართველი ხალხის 80% მომხრეა გამჭვირვალობის და 60% კანონის მიღების.

„საქართველოს პარლამენტი ქართველი ხალხის მანდატით მოქმედებს და არა სხვა ქვეყნების ხალხების თუ ხელისუფლებების მანდატით და მითითებით. ამიტომ, ჩვენ ერთადერთი ვინც გვაძლევს მითითებას და ვინც გვაძლევს მანდატს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ეს არის ქართველი ხალხი.

ქართველი ხალხის 80% მომხრეა გამჭვირვალობის და 60% მომხრეა, რომ იყოს მიღებული კანონი. ამიტომ, ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის შეკვეთით. ეს არის დემოკრატია. შესაბამისად, ამ ყველა განცხადებასთან დაკავშირებით, ერთ რამეს ვამბობ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს სხვა ხალხების ეროვნულ ინტერესებს ან ზოგადად ინტერესებს.

უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა არის ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებში. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მათ ინტერესებს, რომელთა დაფინანსებაზეც აქ არის საუბარი. კერძოდ, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირის, რუსეთის თუ სხვა ქვეყნების დაფინანსებებს, რომლებსაც შეიძლება ინტერესი ჰქონდეთ საქართველოში ფულადი სახით სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობის. რა თქმა უნდა, ეს თავისი არსით ეწინააღმდეგება ან მინიმუმ დისკომფორტს უქმნის დონორს და დამფინანსებელს მაგრამ, კიდევ ერთხელ, ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესით და არა დონორების ინტერესებიდან გამომდინარე.

მეორე, ყველაზე ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ როდესაც ვისმენთ აშშ-ს სხვადასხვა ოფიციალური პირების განცხადებებს, თუ ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებებს, დღემდე ვერ ამოვიკითხეთ ვერცერთ განცხადებაში პირობა, ქართველი ხალხისთვის, რომ ამერიკიდან შემოსული ფული იქნება გამჭვირვალე, ევროკავშირიდან შემოსული ფული ქონება გამჭვირვალე და მზად არიან ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების. ეს პირიქით აჩვენებს ზუსტად მოტივაციას, რომ ამ კრიტიკის დიდი ნაწილი მოტივირებულია იმით, რომ კვლავ დაფარული დარჩეს ის თანხები, რომელიც საქართველოში იხარჯება და ჩვენ ვიცით დადასტურებულად, რომ ამ თანხების ნაწილი იხარჯება პოლიტიკურ პარტიებზე, რაც არის კონსტიტუციის და კანონების გვერდის ავლა“, - აცხადებს პაპუაშვილი.

მისი ცნობით, მათ აქვთ ინფორმაცია იმ თანხებზე, რომლებიც რადიკალური ჯგუფების დაფინანსებისთვის იხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები