პარლამენტი დღეს, 28 აპრილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გელა გელაძის კანდიდატურას მოუსმენს და მას კენჭს დღესვე უყრის.
პროცედურულად, საკითხის განხილვა რამდენიმე ეტაპად არის დაგეგმილი სესიის დასაწყისში პარლამენტი ცნობად მიიღებს მამუკა მდინარაძის განცხადებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავრობიდან სუსის უფროსის კანდიდატურა ოფიციალურად დღესვე შევა. ამის შემდეგ ჩატარდება ბიუროს კიდევ ერთი სხდომა, რომელიც საკითხს განსახილველად თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს გადასცემს.
გელა გელაძის მოსმენა თავდაცვის კომიტეტზე დღესვე გაიმართება, რის შემდეგაც კენჭისყრა უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურა მთავრობიდან დღეს შემოვა. ჩატარდება ბიუროს კიდევ ერთი სხდომა და საკითხი გადაეცემა კომიტეტს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტი სუსის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედმა ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყდა.




























