მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საპენსიო სააგენტო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის მომზადებული და ის პარლამენტს განსახილველად აპრილში წარედგინა.

აღნიშნული კანონპროექტი საპენსიო სააგენტოში მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს. მათ შორის იცვლება საპენსიო სააგენტოს სახელი და მას "საპენსიო ფონდი" ეწოდება. ასევე იცვლება საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა, უქმდება საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ამჟამად მინისტრებით არის დაკომპლექტებული, ასევე უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო - ამ ორი საბჭოს ნაცვლად შეიქმნება ახალი საბჭო, რომელსაც მმართველობითი საბჭო ეწოდება და ის 9-15 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. აღნიშნული საბჭოების წევრებს მთავრობა დაამტკიცებს, ნაცვლად საინვესტიციო საბჭოს წევრთა არჩევის არსებული მოდელისა, სადაც წევრებს პარლამენტი ამტკიცებს, ხოლო მათი მოხსნა იმპიჩმენტით არის შესაძლებელი. ახალ საბჭოში წევრთა მოხსნის უფლება არაჯეროვანი მუშაობისთვის პრემიერ-მინისტრს ექნება.

ამასთანავე, იცვლება საინვესტიციო ლიმიტები დაბალრისკიანი პორტფელისთვის, სადაც წესდება შესაძლებლობა "სხვა სახის" აქტივებში ინვესტირების მიმართულებით, რაც 15%-ის ოდენობით იქნება განსაზღვრული. ეს შესაძლებელს გახდის თანხა ჩაიდოს ისეთ მსხვილ საინვესტიციო პროექტში, როგორიცაა ჰესის თუ პორტის მშენებლობის თანადაფინანსება, თუკი პროექტში ერთ-ერთი ინვესტორი რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იქნება.

კიდევ ერთი ცვლილებით, იზრდება საპენსიო ფონდის ადმინისტრაციული ხარჯები, რაც ფონდის ადმინისტრირების საკომისიოს მატებას უკავშირდება. თუკი აქამდე ფონდის მართვის საკომისიო იყო ფონდის ზომის 0.5% ახლა ის 0.75%-ით განისაზღვრება. კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ საპენსიო აქტივების სხვა მმართველ ფონდებში გადატანა, რაც არსებული კანონით მოქალაქეებს 2025 წლიდან უნდა შეძლებოდათ.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პოლიტიკური და კორუფციული შინაარსის არის.

"რა ხდება საპენსიო კანონთან დაკავშირებით? ის, რომ დანაზოგები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მეტ-ნაკლებად მშვიდ სიბერეს უნდა მოხმარდეს, უნდათ, რომ უფრო მეტი ოდენობით განათავსონ რისკიან პროექტებში. რაციონალური ახსნა ისაა, რომ ასეთ აქტივებში ჩადებულ ფულს მეტი შემოსავალი მოაქვს. სინამდვილეში არსებით მნიშვნელობა არა აქვს რომელიმე სახიფათო განთავსებიდან ერთი ან ორი პროცენტით მეტ შემოსავალს მიიღებს თუ არა ფონდი", - აღნიშნავს გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები