მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტშია - ვის დაარეგულირებს ახალი ნორმატიული დოკუმენტი?

63dd099ed3537
ელენე გოგბერაშვილი
03.02.23 18:24
889
პარლამენტში „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ელექტრონული კომერციის პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ არსებობს. ამასთან არ მოქმედებს რეგულაცია, რომელიც კრძალავს შუალედური მომსახურების მიმწოდებლებისთვის ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების დაწესებას და ითვალისწინებს მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრას.

საკანონმდებლო ცვლილებებზე რამდენიმე წლის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა. მის მიღებას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს. ეს იქნება კანონი, რომელიც ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ საქმიანობას დაარეგულირებს და ასევე განსაზღვრავს ამ მომსახურების გამწევი პირების პასუხისმგებლობას.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებას. მაგალითად, მისი მეშვეობით შესაძლებლობა ეძლევა მოვაჭრეს და მომსახურების მიმღებს განახორციელონ დისტანციური ყიდვა-გაყიდვა სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს როგორც ვებსაიტი, ისე აპლიკაცია. კანონის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული სუბიექტი უნდა იყოს მარტივად იდენტიფიცირებადი მომსახურების მიმღებისთვის.

“კანონპროექტის მიზანია, შუალედური მომსახურების მომწოდებლების უფლებებისა და მოვალეობების, მათი ზოგადი მონიტორინგის ვალდებულებისგან განთავისუფლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება. აღნიშნული მიზანი ეხმიანება ელექტრონული კომერციის შესახებ დირექტივას და მათ მიზნებს. როგორც დირექტივის, ისე კანონპროექტის თანახმად, შუალედური შუალედური მომსახურების მომწოდებლები განთავისუფლებულები არიან პასუხისმგებლობისგან, თუ მათ რაიმე სახით არ განუხორციელებიათ გადაცემული ინფორმაციის შინაარსში ჩარევა, შესაბამისად პროექტის თანახმად, გამოირიცხება შუალედური მომსახურების მომწოდებლის პასუხისმგებლობა, გარდა ამავე კანონით განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევებისა.

კანონპროექტი ასევე ადგენს ვალდებულებებს საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების შემადგენელი კომერციული შეტყობინებების გარკვეული სახის მოთხოვნების დაცვით მიწოდების თაობაზე და ა.შ“,-განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.

„ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი რგოლი „კონკურენციის ეროვნული სააგენტო“ იქნება. გარკვეული სახის ვალდებულებების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია სანქცია 1000 ლარამდე ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები