მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალიტეტებში ტაქსების საქმიანობა, სავარაუდოდ, დარეგულირდება - რას ნიშნავს ეს?

ტაქის

მუნიციპალიტეტების შიგნით, გარდა დედაქალაქისა, მინივენების და სხვა ტაქსების მიერ მგზავრების გადაყვანა კანონით დარეგულირდება. პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რაც აღნიშნულ საკითხს დაარეგულირებს.

როგორც კანონპროექტის ინიციატორი განმარტავს, მისი მიღების მიზეზია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება) მგზავრთა გადაყვანის ორგანიზება, რაც ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმილი რეფორმის მიმართულებით მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი გამოწვევა არის ავტოსადგურებში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა და არარეგისტრირებული პირები (ე/წ „ხიშნიკები“), რომლებიც ავტოსადგურების გვერდის ავლით ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანის მომსახურებას (ხშირ შემთხვევებში მინივენის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით). რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს აღნიშნული პრობლემებს, თუმცა, ზოგადად ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგების მიზნით აუცილებელია ერთიან ჭრილში იქნეს გადაწყვეტილი მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირება, რათა ტაქსების მოუწესრიგებელი საქმიანობა რეფორმის განხორციელებისათვის არ გახდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი M1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება განისაზღვრება, როგორც: არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება“, - განმარტავს ინიციატორი.

კანონპროექტის მიღების შედეგად ნებართვას დაექვემდებარება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსების საქმიანობა, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას.

ნებართვა გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით, ნებართვის გაცემის უფლებამოსილება კი ენიჭება მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს.

მუნიციპალიტეტებს (გარდა თბილისისა) 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, რომ უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.

სანებართვო პირობების დარღვევით მგზავრების გადაყვანა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 და 200 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ავტორია ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები