მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტის კომიტეტზე Log-In Georgia-ს 35.4 მლნ ევროს სესხის მოცულობის ხელშეკრულება განიხილეს

Log-in Georgia

დღეს, 9 სექტემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილი ოთხი საერთაშორისო ხელშეკრულება განიხილა და მხარი დაუჭირა.

მათ შორის სასესხო შეთანხმება იყო, რომელიც „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (პროექტი Log-In Georgia-ს დამატებითი დაფინანსება)“ საქართველოსთვის 35 400 000 ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, სესხის ხანგრძლივობა 25 წელია. თანხის ათვისება 2027 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

„ეს ის რესურსია, რომელიც, საბოლოო ჯამში, საქართველოში ყველა იმ დასახლებულ პუნქტს, სადაც ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, შესაძლებლობას მისცემს ფართოზოლოვან ინტერნეტთან ჰქონდეს წვდომა. შესაბამისად, ყველა ასეთი დასახლების სრული ინტერნეტიზაცია განხორციელდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.

Log-in Georgia-ს ფარგლებში, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ. სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპტიკური ქსელით დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები, რომლითაც სარგებელი 500 000 ადამიანმა უნდა მიიღოს.

“ოუფენ ნეტის” 2024 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასრულდა ორ სამშენებლო არეალში, რომელიც ჯამურად მოიცავს აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხონის, ბაღდათის, ტყიბულის, თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს. აღნიშნული ინფრასტრუქტურა ჯამურად მოიცავს 500 კმ-ზე მეტ ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალსა და 100-მდე დასახლებულ პუნქტს. ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის დასაწყისისთვის არსებული საოპერაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ჯამური სიგრძე შეადგენდა 800 კმ-მდე, წლის ბოლოსთვის იგი უკვე შეადგენდა ჯამურ 1 300 კმ-მდე. მშენებლობის დასრულების ფარგლებში, მოცული იქნა მუნიციპალიტეტები: აბაშა, სენაკი, მარტვილი, ხონი, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, თერჯოლა და წყალტუბო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები