იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი პარლამენტიდან არ/ვერ გაიწვევა განცხადებით. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რითაც მმართველი ძალის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილების განცხადებას გამოეხმაურა.
ლევან ალაფიშვილი იმ პროცედურებს განმარტავს, რომლის შემდეგაც კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოდან რეალური გაწვევა მოხდება. იურისტი წერს, რომ ხალხთან შეხვედრები საჭირო არ არის.
„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია, არ/ვერ გაიწვევა განცხადებით.
პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას. მუხლი 101.3. ციტირებულია ქვემოთ.
რა უნდა მოხდეს:
- ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი
- რუსული კალკი სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე და წინააღმდეგ მისცენ ხმა, ჩააგდონ.
აი, ეს იქნება რეალური უარი რუსულ კალკზე და საჭირო არ არის შეხვედრა-განხილვები.
სხვა შემთხვევაში არჩეულები იგებენ დროს, გადააგორებენ პროტესტს და ზაფხულის პირს საბოლოოდ მიიღებენ“, - წერს ალაფიშვილი და დასძენს, თუ როგორ ხდება რეგლამენტით კანონპროექტის გაწვევა.
„კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე“, - აღნიშნავს ალაფიშვილი.