პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი მესამე მოსმენით - 81 ხმით მიიღო.
პროექტის თანახმად, მკაფიოდ განისაზღვრება: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის პროცედურა და კანდიდატურების წარდგენის ვადა; საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე საქართველოს გენერალური პროკურორის წინადადების საფუძვლიანობის შესწავლა-განხილვის საკითხი; საქართველოს მოქალაქის ლობისტად რეგისტრაცია; პარლამენტის მიერ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გაუქმების პროცედურა; პარლამენტის ყოფილი წევრების პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება; საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი განცხადების და კანონპროექტის რეგისტრაცია, ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება.
კანონპროექტით განისაზღვრება პარლამენტის წევრის თანაშემწეების რაოდენობა, ასევე რეგულირდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის უზრუნველყოფა იმავე სამუშაო პირობებით, რომლითაც სარგებლობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ცვლილებებით წესრიგდება და ზუსტდება საპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტებისა და საპარლამენტო ორგანოების საქმიანობის განხორციელების პროცედურები. ასევე, პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირაში დაუშვებელი იქნება კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონპროექტი დაჩქარებული ან გამარტივებული წესით განიხილება, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის შემთხვევებისა.
ცვლილებით სამართლებრივად იხვეწება და ზუსტდება საკომიტეტო საქმიანობასთან დაკავშირებული რეგლამენტით განსაზღვრული მექანიზმები და პროცედურები. საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, დაიხვეწება პროცედურები, რომლებიც არეგულირებენ ინტერპელაციას, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების და ანგარიშის მოსმენას, თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე მოწვევის პროცედურას.