მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „სურსათის დანაკარგების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო - რას გულისხმობს პროექტი?

648b268da0065
BM.GE
15.06.23 20:25
591
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით „სურსათის დანაკარგების, მისი ნარჩენების შემცირების და შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. ინფორმაციას პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პარლამენტის წევრის, ხატია წილოსანის განმარტებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივით წესრიგდება სურსათის ნარჩენებისა და სურსათის დანაკარგების მართვის ღონისძიებებთან, სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებასთან, სურსათის შეწირულობასთან და გადანაწილების პოლიტიკასთან, სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობასთან და სურსათის საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

მისივე თქმით, შემოდის სრულიად ახალი მიდგომები, რაც საქველმოქმედო მიზნებისთვის სურსათის დონაციას და სასურსათო ბანკებისთვის კერძო სექტორის მხრიდან შეწირულობის სახით გადაცემას უკავშირდება. შესაბამისად, შემოდის ახალი ცნება, რომელიც სურსათის ბანკის შექმნას ითვალისწინებს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აქამდე ასეთი კონცეფცია საქართველოში არ ყოფილა.

კანონპროექტის თანახმად, იმისათვის, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციას სურსათით უზრუნველყოფის ბანკის ფუნქცია მიენიჭოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ავტორიზაცია დასჭირდება. კანონპროექტით განისაზღვრება იმ სურსათის ჩამონათვალი, რომლის დახლიდან მოხსნა, დონაცია, გადაცემა და მოხმარება არ შექმნის რისკს ადამიანისთვის. ამაში მოიაზრება ისეთი დაბალი რისკის პროდუქტები, როგორიცაა ბურღულეული, ჩაი, ყავა და სხვა.

„აქტიური კომუნიკაცია გვქონდა გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციასთან, რომელმაც შეისწავლა ქვეყანაში სურსათის ნარჩენების წარმოქმნის, მასთან დაკავშირებული საკითხების მართვის თემები და აღმოჩნდა, რომ დიდი რაოდენობით სურსათი, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში ნარჩენის სახით წარმოიქმნება და ხვდება ნაგავსაყრელზე, მაშინ როდესაც რეალური შესაძლებლობაა, რომ ამგვარი სურსათი მიწოდებული იყოს ადამიანებისთვის, რომელთაც ამის საჭიროებები აქვთ“, - განაცხადა მომხსენებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები