მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის რეგლამენტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

5e53fe2a9e0df
თელარა გელანტია
24.02.20 23:37
813
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი რეგლამენტში ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ მაჭარაშვილმა bm.ge-ის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მოთხოვნით, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის არმისვლის ფაქტის შეფასებისას განუცხადა, რითაც პარლამენტის რეგლამენტი დაირღვა.

მაჭარაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ „ფორმალური თვალსაზრისით, რეგლამენტი დაირღვა“, მაგრამ ამას ახსნას მაინც უძებნის.

„ის, რომ დღეს პროცედურულად ვერ შესრულდა მინისტრის მოსვლის ვალდებულება, ნიშნავს იმას, რომ ფორმალური თვალსაზრისით, რეგლამენტი დაირღვა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ის ხომ არაა, რომ რეგლამენტის პროცედურები შესრულდეს?! ჩვენთვის ხომ მთავარია ის, რომ მინისტრების ანგარიშვალდებულება იყოს ეფექტური და პროდუქტიული, ამიტომ რადგან უკვე მეორე შემთხვევაა (პირველი იყო ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლა) როცა მინისტრი მოდის „მინისტრის საათის“ ფორმატში და ამის შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს პროცედურების დაცვის გამო ისევ უწევს მოსვლა კომიტეტზე ანუ უწევს იგივე წრეზე წავიდეს, ეს მიგვაჩნია, რომ არის მეტ-ნაკლებად ხარვეზიანი პროცესი. ამიტომ შეიძლება ერთგვარი პრაქტიკა ჩამოყალიბდეს, ეს კომიტეტის თავმჯდომარეს და მინისტრთან ურთიერთობასაც ეხება... თუ მაგალითად, საღამოს რვა საათზე დასრულდა „მინისტრის საათის“ ფორმატში მინისტრის გამოსვლა პარლამენტში და მეორე დილით რვა საათზე უნდა მოვიდეს ისევ კომიტეტზე იგივე თემებზე, ერთ ღამეში რა შეიცვლება?! იგივე კითხვებზე უპასუხებს იგივენაირად... თუ გვინდა, ყოველდღე დავიბაროთ, მაგრამ აზრი აქვს?! მთავარი ხომ პროდუქტიულობაა?! თან რეგლამენტის თანახმად, თუკი ერთი ფრაქციის მოთხოვნით მოდის მინისტრი კომიტეტზე, შემდეგ უკვე 2 თვე ვერ მოიწვევ და როგორ სჯობს, სესიაზე მოიწვიო და მეორე დღესვე კომიტეტზე და მერე 2 თვე საერთოდ ვერ მოიწვიო?!“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

Bm.ge-ის კითხვას - „პრობლემას ვერ ხედავთ იმაში, რომ რეგლამენტი დაარღვია მინისტრმა“, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შემდეგი პასუხი გასცა:

„პრობლემას რომ ვხედავ, რომ რეგლამენტი დაირღვა და მინდა, რომ რეგლამენტი არ დაირღვეს, ამიტომ ვამბობ, ერთი გზაა - შევთანხმდეთ პრაქტიკაზე, რომ როცა „მინისტრის საათის“ ფორმატში არის მოსული მინისტრი და რამე გადაუდებელი არ ხდება, მაშინ ერთი ან ორი კვირის შემდეგ მოვიდეს კომიტეტზე, რათა სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც ჰქონდეს მინისტრის მოწვევის შესაძლებლობა. ამდენად, რომ აღარ მინდა, რომ დაირღვეს ეს წესი, იმიტომ, რომ ფორმალურად არ მოუწიოს მინისტრს ამ უშინაარსო მოსვლის გამო პროცედურების დარღვევა, ამიტომ ვამბობ ამას, რომ ერთგვარ პრაქტიკაზე შევთანხმდეთ ან თუ მაინცდამაინც საჭირო გახდება, რეგლამენტსაც გადავხედოთ და ცვლილებები შევიტანოთ“, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი, რომლის აზრით, „რეგლამენტი მუშა აქტია“.

„რეგლამენტი ისეთი მუშა პროდუქტია და ისეთი მუშა აქტია, რომ მუდმივად ღებულობს ისეთ გამოწვევებს, რომ ექვემდებარება ცვლილებებს. ხვალ-ზეგ ჩვენ გვაქვს გასვლითი სხდომა და დაგროვებული ცვლილებები, რაც არის რეგლამენტში და რაც გვინდა, რომ განვახორციელოთ, ის უნდა განვიხილოთ და ეს პროცესები გაგრძელდება... ამდენად თუ პრაქტიკა ვერ დავნერგეთ, რეგლამენტი რომ გადაიხედოს, მე მგონი, ლოგიკურია, მაგრამ თუ პრაქტიკას დავნერგავთ და პოლიტიკურ ინტერესებს არ მოვარგებთ ამას, ვფიქრობ, უფრო პროდუქტიული იქნება“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება იმას, რომ მინისტრის მიერ რეგლამენტის დარღვევა არავითარ სანქციას არ ითვალისწინებს, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური ფიგურისთვის ყველაზე დიდი სანქცია ისაა, რომ რეგლამენტს არღვევს და ამის შესახებ საჯაროდ ხდება ცნობილი.

„პოლიტიკოსისთვის ყველაზე მეტი სანქციაა, როცა მას ეტყვიან, რომ დაირღვა რეგლამენტი და ამ შემთხვევაში მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა. ამდენად ის, რომ პოლიტიკური პირი არღვევს რეგლამენტს, ეს ყველაზე მაღალი სანქციაა და ამას არცერთი მინისტრი არ მოისურვებს“, - განუცხადა bm.ge-ის პარლამენტის საპოცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები