საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსული კანონის" კონსტიტუციურობაზე მსჯელობა დაიწყო.
დღეს პირველი განმრწესრიგებელი სხდომა გაიმართა, სადაც პლენუმმა კანონის გაუქმების მოთხოვნით 4 სარჩელზე მსჯელობა დაიწყო.
პარლამენტის წარმომადგენელმა, ქრისტინე კუპრავამ სხდომაზე განმარტა, რომ ტერმინი "უცხო ძალის ინტერესის გამტარი" თავისთავად უარყოფითი კონოტაციის მატარებელი ვერ იქნება და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად გამოიყენება – რა უცხო სამკაულია, ან რა უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება ან უცხო გარეგნობა".
"ყველა სარჩელს გასდევს ეს მოცემულობა - ისინი მიიჩნევენ, რომ სტიგმატიზაციას განიცდიან კანონის მოქმედებით. ცალსახად ადასტურებენ, რომ თუკი არ იქნებოდა ცნება, რომელსაც ისინი თვლიან, არის სტიგმატიზების ეფექტის მატარებელი და არ იარსებებდა რეესტრში რეგისტრაცია, ისინი ჩათვლიდნენ, რომ მათი პრობლემა გადაიჭრა. რას გვეუბნება კანონი? ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი" - გავყვები თითოეულ სიტყვას, რა მნიშვნელობა და რა შთაბეჭდილება შეიძლება შეიქმნას.
"უცხო" - რა შთაბეჭდილება გვექმნება, დადებითი, თუ უარყოფითი? მაგალითად, ჩვენ ხშირად გავიგონებთ ხოლმე - რა უცხო სამკაულია, ან რა უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ, თავისთავად, ამაზე არ მეტყველებს. თუკი კონსტიტუციის მუხლებს ჩავხედავთ, იქაც არის საუბარი: "უცხოელები", "უცხო" - ეს ტერმინები კონსტიტუციისთვისაც დამახასიათებელია", - თქვა კუპრავამ სხდომაზე.
იქამდე, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელზე მომხსენებელმა, გიორგი დავითურმა საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარის“ ტერმინის მნიშვნელობაზე და მის უარყოფით შინაარსზე.