მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა Covid-ჯარიმების ჩამოწერის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

60fe5c918cfa7
ინგა მურუსიძე
26.07.21 10:59
604
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა.

საქმე ის არის, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესდა ცალკეული შეზღუდვები, ხოლო დამრღვევთა მიმართ დადგენილ იქნა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები - 20 ლარით, ხოლო გამეორების შემთხვევაში 40 ლარით ჯარიმდებოდნენ. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმის სახით 10 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. ასევე, კომენდანტის საათის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2000 ლარით ჯარიმდებოდნენ. რამდენიმე კვირის წინ კი, მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მოქალაქეებს ჯარიმები ჩამოეწეროთ.  

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ბექა დოჭვირის განმარტებით, კანონპროექტების მიღების შედეგად, შესაბამისი პირები გათავისუფლდებიან იმ ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის აღსრულებული.

„ეს 245 000 მოქალაქეს შეეხება და ჩამოიწერება 76 მლნ ლარის ჯარიმა“ - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

კომიტეტმა  განხილული კანონპროექტების პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები