მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაეკისრა მთავრობას კრედიტებით დაფინანსებული პროექტების დაბალი ათვისების გამო ₾2.4 მლნ?

647dfaf6986d0
შოთა ტყეშელაშვილი
05.06.23 20:00
567
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტების ათვისებაზე. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 7 პროექტში, რომელთა ათვისებაც 130 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ 30.6 მილიონით შესრულდა.

ამ პროექტების დაბალი ათვისების გამო, საქართველოს მთავრობამ დონორების მიმართ 2.4 მილიონი ლარის ოდენობით გადაიხადა ე.წ. Commitment Fee, რაც ამ პროექტებში ათვისების დონის გათვალისწინებით დონორების მიერ დაწესებულ "ვალდებულების გადსახადს" წარმოადგენს. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა ორჯერ არის შემცირებული.

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვალდებულების გადასახადის შესახებ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, არსებობს ობიექტური მიზეზები, რომელთა გამოც ზოგიერთი დონორული პროექტის ათვისება დროულად ვერ ხერხდება. დავითაშვილი დაკისრებულ ვალდებულების გადასახადს არასასიამოვნო ფაქტს უწოდებს.

„ეს იყო დაახლოებით შვიდამდე პროექტის შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, რომ არის ათობით პროექტი , რომელიც ფინანსდება მათ შორის საერთაშორისო დონორების მხრიდან და ასობით მილიონი, თუ არა მილიარდობით თანხა. შესაბამისად, 2 მილიონზე როცა ვსაუბრობთ, თითოეულ პროექტს გააჩნია ასეთი ტიპის ჩანაწერი. 2 მილიონი ლარის გადახდა არ არის სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ შეიძლება სხვა უფრო მეტი ფაქტორი იყოს, რომელზეც უშუალოდ რეციპიენტი ორგანიზაციები საზოგადოებას უფრო დეტალურ ინფორმაციას გაუზიარებენ. ხშირ შემთხვევაში არის ობიექტური მიზეზები და პირობები, რის გამოც არ ხდება ამა თუ იმ პროექტის სრულად ათვისება. ეს არის მოსახლეობასთან შეთანხმება, სხვადასხვა საკითხები, რომელიც პროექტის განხორციელების პროცესში იჩენს ხოლმე თავს. ეს არის ობიექტური პროცესი და გასათვალისწინებელია“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უფრო ვრცელი განმარტება გააკეთა საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

“საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც 2022 წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული სესხის აუთვისებელ თანხაზე ე.წ. ვალდებულების გადასახადის გადახდას უკავშირდება და განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს უზუსტობებს. საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო ე.წ. ვალდებულების გადასახადის შესახებ კიდევ ერთხელ განმარტავს შემდეგს:

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უმრავლესობასთან არსებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს სესხის აუთვისებელ თანხაზე ე.წ. ვალდებულების გადასახადის გადახდას. აღნიშნული წარმოადგენს გადასახადს დამტკიცებული სესხის ფარგლებში სესხის ასათვისებელ ნაწილზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაკვეთით, ხოლო უკვე ჩამორიცხულ თანხაზე ხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა.

გასათვალისწინებელია, რომ ვალდებულების გადასახადი, სესხის ასათვისებელ ნაწილს ერიცხება, სესხის ორმხრივად ძალაში შესვლის (გაეფექტურების) დღიდან, სრულად ჩამორიცხვამდე, იმისდა მიუხედავად, თუ კონკრეტული წლის ბიუჯეტში რა თანხაა გათვალისწინებული პროექტის ათვისების საპროგნოზო მაჩვენებლად.

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ვალდებულების გადასახადის განაკვეთი, რამდენიმეჯერ ნაკლებია ჩამორიცხული სესხის საპროცენტო განაკვეთთან შედარებით.

შინაარსობრივად, ვალდებულების გადასახადი არ არის დაკავშირებული მხოლოდ კონკრეტული პროექტის დაგეგმილ ვადაში ვერ განხორციელებასთან. ვალდებულების გადასახადის უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, რომელთა განხორციელებას რამდენიმე წელი სჭირდება და ბუნებრივია, რომ სესხი ერთბაშად ვერ ჩამოირიცხება.

მსგავსი პროექტების შემთხვევაში, პირველ წელს დაგეგმილი თანხის სრულად ან გადაჭარბებით ათვისების მიუხედავად, დარჩენილ წლებში ასათვისებელ თანხებზე ხორციელდება ვალდებულების გადასახადის დარიცხვა. შესაბამისად, მსგავსი ხარჯები ყოველთვის იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, იმისდა მიუხედავად, რამდენად სწრაფად და დაგეგმილი დროის მიხედვით მიმდინარეობს პროექტის განხორციელება.

რაც შეეხება 2022 წლის ბიუჯეტის ანგარიშში მითითებულ ინფორმაციას - აღნიშნული ინფორმაცია თავის მხრივ, ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, რომელიც აუდიტის სამსახურს წარედგინა მიმდინარე წლის მარტში, კანონით განსაზღვრულ ვადებში.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ვალდებულების გადასახადი დარიცხულია 7 პროექტის ფარგლებში ასათვისებელ რესურსზე, რომელთა ჯამური ღირებულებაც აჭარბებს 380 მილიონ ევროს, ხოლო 130 მილიონი ლარი წარმოადგენს მხოლოდ ბიუჯეტის მიზნებისთვის გათვალისწინებული ათვისების პროგნოზს 2022 წლისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ 2022 წელს გადახდილი 2 387 ათასი ლარიდან, 2022 წელს პროექტების გეგმის სრულად ათვისების შემთხვევაში, ვალდებულების გადასახადი დაირიცხებოდა 330 ათასი ლარით ნაკლები. თუმცა ამავდროულად, ავტომატურად დაიწყებოდა პროცენტის დარიცხვა და პროცენტის მუხლში გაწეული იქნებოდა მეტი ხარჯი 2022 წლის ჭრილში.

სესხების გაეფექტურების და ათვისების საბოლოო თარიღების გათვალისწინებით, 2 მილიონი ლარის გადახდა 2022 წელს გარდაუვალი იქნებოდა, ყველა პროექტის 100%-იანი ათვისების შემთხვევაშიც,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დონორული პროექტების ჩამონათვალი, სადაც ბიუჯეტის ათვისება ვერ მოხდა. 

1. თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II) (EBRD) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 15 მილიონის დახარჯვა, ათვისება 0%, ვალდებულების გადასახადი - 351 ათასი ლარი;
2. მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და კრიზისიდან გამოყვანის პროექტი - საკრედიტო საგარანტიო სქემა (WB) და საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი (ეროვნული ბანკის კომპონენტი) (WB) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 25 მილიონის დახარჯვა, ათვისება 0.5%, ვალდებულების გადასახადი - 707 ათასი ლარი;
3. თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი (EBRD) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 15 მილიონის დახარჯვა, ათვისება 2.4%, ვალდებულების გადასახადი - 103 ათასი ლარი;
4. ბათუმის ავტობუსების პროექტი (E5P, EBRD) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 1 მილიონის დახარჯვა, ათვისება 11%, ვალდებულების გადასახადი - 4 ათასი ლარი;
5. აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, KfW) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 23 მილიონის დახარჯვა, ათვისება 16%, ვალდებულების გადასახადი - 279 ათასი ლარი;
6. ხელედულა-ლაჯანური-ონი (KfW) და გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 11 მილიონის დახარჯვა, ათვისება 37%, ვალდებულების გადასახადი - 866 ათასი ლარი;
7. შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (WB) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 40 მილიონის დახარჯვა, ათვისება 56%, ვალდებულების გადასახადი - 78 ათასი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები