"ყველა პროექტი, რომელიც წარდგენილი გვქონდა, დაპაუზებულია", - ამის შესახებ "საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის" აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. როგორც მან "საქმის კურსთან" აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გამო, ევროპელი ბიზნესმენები ინვესტიციების ჩადებისგან თავს იკავებენ.
"ჩვენი ჯგუფის ორი მესამედი თითქმის ევროპული პარტნიორები: საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან არის. ყველა პროექტი, რომელიც ქართულ მენეჯმენტს წარმოდგენილი გვქონდა, დაპაუზებულია. აბსოლუტურად ყველა პროექტი, იქნებოდა ეს ლოგისტიკური, სავაჭრო სფერო, რითეილი, უძრავი ქონების განვითარების სფერო, ამ ჭრილში დღეს არის ძალიან მარტივი მესიჯი, პასუხი, რასაც იქიდან [უცხოელებისგან] ვიღებ: ლევან, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას", - განაცხადა ბიზნესმენმა.
როგორც ლევან ყარალაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, მხოლოდ მის კომპანიას 50 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტი შეჩერებული აქვს. მისი თქმით, კომპანიას სავაჭრო ცენტრი უნდა აეშენებინა.
"პორტფელი, რომელზე ახლა ვლაპარაკობ, თითქმის 50 მილიონი დოლარია. ვფიქრობდით, რომ დაგვეძრა და წინ წაგვეწია, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა ამ ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჩვენ ვსაუბრობდით ერთი ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროექტზე და ასევე ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაზე. სავაჭრო ცენტრი თბილისში უნდა გახსნილიყო. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე მივუბრუნდებით ამ თემას და იმედია, შევძლებთ დავარწმუნოთ, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომ ეს არის ქვეყანა, რომელშიც ინვესტიციის ჩადება ღირს. ", - აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.