"ქართული ოცნება" 1 თვის წინ ამოქმედებულ შრომითი მიგრაციის კანონს ამარტივებს. პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
ახალი კანონპროექტით სრულად დისტანციურად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობით დაკავებულ პირებს შრომითი ნებართვის მოპოვება აღარ მოუწევთ. კანონის მოქმედება აღარ გავრცელდება არც იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებს ემსახურებიან. ამასთან, კანონი აღარ ავალდებულებს შრომითი ნებართვის აღებას პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოს დირექტორებსაც.
საკითხი განსახილველად ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
მისი განმარტებით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება, მართვა და აღრიცხვა, თუმცა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჭიროა უფრო დიფერენცირებული მიდგომის დანერგვა შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობისა და სპეციფიკის მიხედვით და გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობების ცალკე სპეციალურ რეჟიმში მოქცევა.
„წარმოდგენილი ცვლილებების მთავარი მიზანია პროცესების გამარტივება და მათი ადაპტაცია თანამედროვე შრომის ბაზრის სტანდარტებთან, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოზიდვას და შედეგობრივად, ბიზნესგარემოს უფრო მოქნილს და კონკურენტუნარიანს გახდის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
კანონის მოქმედება აღარ გავრცელდება არც იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებს ემსახურებიან. ამასთან, კანონი აღარ ავალდებულებს შრომითი ნებართვის აღებას პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოს დირექტორებსაც.
„კანონს ასევე ემატება მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმარტება და შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც უცხოელს უფლება ეძლევა განახორციელოს პროფესიული საქმიანობა ბინადრობის ნებართვისა და შრომითი საქმიანობის ნებართვის გარეშე. კანონპროექტის თანახმად, მოკლევადიანი პროფესიების კონკრეტულ ჩამონათვალს, ვადას და მის კრიტერიუმებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
აღნიშნული ცვლილებებით ასევე გამონაკლისი იქნება მოკლევადიანი ვიზიტის ფარგლებში მომსახურება შრომით საქმიანობაზე. მთავრობის მიერ ნუსხა იქნება დამტკიცებული იმ საქმიანობების სახეების შესახებ, რომელიც შესაძლებელია ასე განხორციელდეს. სავარაუდოდ, იქნება ექიმები, მომსახურების სფერო, შოუ-გასართობი პროგრამები და ასე შემდეგ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება რაც არის, ეს არის არარეზიდენტი პირისთვის მომსახურების გაწევაზე - როდესაც საქმიანობა/მომსახურების გაწევა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ არარეზიდენტი საწარმოსთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად საქართველოში აღნიშნული პირი ახორციელებს საქმიანობას შრომით-სამართლებრივი ფორმით, თუმცა მომსახურებას სრულად არარეზიდენტ საწარმოს უწევს.
ასევე არ გავრცელდება ამ კანონის მოქმედება იმ პირებზე, ვინც სრულად დისტანციურად უწევენ მომსახურებას ქართულ კომპანიებს.




























