მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრებად ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე აირჩია

60508e62033a4
თელარა გელანტია
16.03.21 14:51
971
საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის ახალ წევრებად ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე აირჩია. პარლამენტმა კომისიის ახალი წევრები 6 წლის ვადით დაამტკიცა, რომლებიც მოქმედ წევრებს ელისო ასანიძეს და მერაბ ქათამაძეს შეცვლიან.

"კომუნიკაციების კომისიის ახალი წევრები კომისიის მოქმედი თანამშრომლები არიან, რომლებსაც ტელეკომსფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

ეკატერინე იმედაძე კომუნიკაციების კომისიაში 2019 წლიდან მუშაობს. მას სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს, მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო კომპანიებს. ეკატერინე იმედაძე ფლობს ბრედფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს ეუფლება. დამთავრებული აქვს თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა და ხელოვნური ინტელექტის მოდელირებისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტურა. ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ეკატერინე იმედაძე 11 წლის მანძილზე კომპანია “VEON”-ში, სხვადასხვა დროს წამყვან პოზიციებს იკავებდა. კომპანიის ამსტერდამის ოფისში ის გლობალური პროექტების მენეჯერი იყო რეპორტინგის მიმართულებით. მანამდე კი რისკების მართვის, ასევე ფინანსური ანგარიშგების მენეჯერის პოზიცია ეკავა. ის ასევე რამდენიმე წამყვანი კერძო კომპანიის ფინანსურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სატელეკომუნიკაციო სფეროში პროექტების მართვის, პროცესების ტრანსფორმაციისა და გაციფრულების, ფინანსური რეპორტინგისა და ანალიზის, ასევე რისკების მართვისა და პროცესების აუდიტის მიმართულებით. ეკატერინეს მრავალწლიანი გამოცდილება სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

რაც შეეხება ნათია კუკულაძეს, ის კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. ნათიას სტრატეგიული კომუნიკაციის მართვის 18-წლიანი გამოცდილება აქვს. ის წლების განმავლობაში, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და განათლების სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციებზე, ასევე, სერვისების განვითარების სააგენტოში, კომპანიებში - რედიქსი, თბილისის წყალი, საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტი და სხვა. ნათია კუკულაძე საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა, კითხულობს ლექციებს სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ნათია კუკულაძე 1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2002 წელს მიიღო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და აშშ-ს საჯარო ადმინისტრირების ეროვნული აკადემიის საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი. ნათია კუკულაძეს გავლილი აქვს ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტის და ევროპის მარკეტინგის კონფედერაციის აკრედიტაცია მარკეტინგის მენეჯმენტში. სტაჟირების მიზნით, ნათია კუკულაძეს იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის კომუნიკაციის სამსახურში და აშშ-ში, სახელმწიფო დეპარტამენტში. მისი განათლება ასევე, მოიცავს ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სერტიფიცირებული პროგრამას ლიდერად ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

კომისიის მოქმედ წევრებს ელისო ასანიძეს და მერაბ ქათამაძეს კომისიის წევრობის ვადა 18 მარტს ეწურებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები