პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც კოვიდპანდემიისას, (2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით) იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გავრცელდება ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის შესაბამის აღუსრულებელ ნაწილზე.
„ამ კანონის მიღების შემთხვევაში, კანონის ჰუმანური მიდგომა გავრცელდება დაახლოებით 2000 პირზე, საიდანაც დიდი უმრავლესობა ფიზიკური პირია, ხოლო 38 კი იურიდიული პირი. ჯარიმის თანხების ჯამური ოდენობა შეადგენს 5,5 მლნ ლარს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ინიციატივის წარდგენისას.