მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელა - დეტალები

ხხ
02.04.24 20:37
359

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ცვლილება სამ საკითხს შეეხება.

მისი თქმით, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანა მოხდება სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა. ასევე, შემოდის ცნება - „დელეგატი“ და პარტია უფლებამოსილი იქნება და არა ვალდებული, რომ პროპორციულ სიაში კონკრეტულ პარლამენტის წევრობის კანდიდატთან მიმართებაში დააფიქსიროს საარჩევნო ოლქის ნომერი.

კიდევ ერთი საკითხი შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას. ცვლილების თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ და „იარაღის შესახებ“ კანონებში ცვლილებებზე და „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტზე.

პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებები. ცვლილებების თანახმად, ზუსტდება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვრის გავრცელების პირობა და კეთდება კონკრეტული ნორმების ჩამონათვალი, ვისზეც უნდა გავრცელდეს კანონით დადგენილი კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024-2025 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის შესახებ ისაუბრა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.

მანვე წარმოადგინა ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა.

პარლამენტი განხილულ საკითხებს კენჭს მომდევნო სხდომაზე უყრის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები