მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ოპოზიცია არ ესწრებოდა, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 63-მა დეპუტატმა მისცა, ნულის წინააღმდეგ.

მოტივირებული შენიშვნების თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება, არ უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, კოდექსში არ უნდა შევიდეს ცვლილება ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის თაობაზე, რომლის თანახმად, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება.

ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში გაზიარებულია 30 მაისს მიღებული ცვლილებებიდან მხოლოდ ერთი პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ შეიძლება მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა კენჭი უყარეს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ორგანულ კანონის პირვანდელ რედაქციას, რომელსაც მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები