მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა სებ-ის 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა

639b0ee228640
BM.GE
15.12.22 18:00
496
საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს "2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და შესაძლო რისკები. აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ფასების სტაბილურობა მაღალი და სტაბილური გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. ფასების სტაბილურობის მისაღწევად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც დღეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად არის აღიარებული.

"ინფლაციის თარგეთირების პირობებში, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) - ცვლილებით მიიღწევა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირების, ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი მის მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზრდება ან გამკაცრებული დარჩება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ დონეს ჩამორჩება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდება, ანუ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

"ბოლო წლების განმავლობაში ერთმანეთის მიმყოლი შოკების შედეგად ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს აღემატება. პანდემიის პერიოდში, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ინფლაციური წნეხი ძლიერი იყო. მსოფლიო მასშტაბით დაწესებულმა შეზღუდვებმა მიწოდების ჯაჭვების რღვევა გამოიწია და პროდუქტის წარმოების ხარჯები გაზარდა. ამავდროულად, მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა. ინფლაციური წნეხი საერთაშორისო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდამაც გაამწვავა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები