პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნების შემდეგ ცვლილებები 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
„თავდაცვის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები პარლამენტმა 79 ხმით, დაჩქარებული წესით მიიღო.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები ცენტრალიზებულად, ერთიან სისტემაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელდება.
“2024 წლის 1 იანვრიდან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანას განახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება. ამასთანავე, 2024 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირი განახორციელებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებასა და გაწვევას, ასევე სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებასა და გაწვევას.
შესაბამისად, 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრამდე ზემოაღნიშნული უფლებამოსილებები, განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერთან/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელთან, მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტრუქტურულ ერთეულთან/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულთან მიმართებით.
თავდაცვის კოდექსის 180-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებით, ზემოაღნიშნული ღონისძიებები (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა) უნდა განახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჭარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირებთან მიმართებით აჭარის მუნიციპალიტეტმა.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ეფექტურად ორგანიზება, მიზანშეწონილია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, ერთიან სისტემაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვის პარალელურად, მიმდინარეობდა კონსულტაციები, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტთან.
შედეგად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან სამხედრო აღრიცხვა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებები, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება, გამოძახება, გაწვევა, გაწვევისგან გათავისუფლება ან გაწვევის გადავადება, ასევე, სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, გამოძახება, გაწვევა, გაწვევისგან გათავისუფლება ან გაწვევის გადავადება განხორციელდეს ცენტრალიზებულად. ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, ახლებურად ყალიბდება თავდაცვის კოდექსი 180-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები სადაც მუნიციპალიტეტებთან ერთად ემატება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტი, ხოლო მე-10 ნაწილი ამოღებული იქნება”, - განმარტებულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გოგი მეშველიანი, რატი იონათამიშვილი, გია ბენაშვილი, ხატია წილოსანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და რესან კონცელიძე.