პარლამენტმა 2 დღეში, დაჩქარებული წესით განიხილა და სამი მოსმენით "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში საქართველოს მთავრობის ინიციირებულ ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად, დაამტკიცა.
80 მომხრე, 8 წინააღმდეგი, ასეთია დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი პროექტის კენჭის შედეგები.
კანონპროექტის მიღების შედეგად:
- დაინერგება დაფინანსების ახალი სისტემა. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ - საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი „საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების“ შესაბამისად;
- საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი- მაგისტრატურას;
- საქართველოს მთავრობა:
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით უნივერსიტეტებს განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) ჩამონათვალს, რომლის განხორციელების უფლებაც ექნება;
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) მიხედვით;
- ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადა გადაიწევს 2028 წლის 01 იანვრამდე.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე 8 დეკემბერს დაიწყო. სასესიო განხილვები კი 9 და 10 დეკემბერს მოესწრო. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ხოლო ავტორი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა. ავტორები ცვლილებათა პაკეტის დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობას ასე განმარტავენ: "მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით იმისათვის, რომ განათლების სისტემა გადაეწყოს ახალ მოდელზე, რომელიც ახალი წლიდან ამოქმედდება."




























