საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე ბრძანება დამტკიცდა, რომელიც ძალაში 2023 წლის 7 თებერვალს შევა.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში ორი სახის აკრედიტაცია გაიცემა – საპარლამენტო ჟურნალისტის და სპეციალური. საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია საქართველოში რეგისტრირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალების ჟურნალისტზე 1 წლის ვადით გაიცემა. სპეციალური აკრედიტაცია კი იმ ჟურნალისტებისთვის იქნება, რომელებსაც საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია არ აქვთ.
აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებული იქნება, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინტერვიუ შეწყვიტოს.
აკრედიტაციის მიზნებისთვის ჟურნალისტად მიიჩნევა რეპორტიორი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, ტექნიკური მომსახურების გამწევი პერსონალის წევრი, გადამღებ ჯგუფად – ერთი რეპორტიორისა და ერთი ოპერატორისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე ტექნიკური მომსახურების გამწევი პერსონალის სათანადო რაოდენობის წევრისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც უშუალოდ საქართველოს პარლამენტის სასახლეში ახორციელებს ჟურნალისტურ საქმიანობას, ხოლო მედიასაშუალებად − საქართველოში იურიდიულ პირად რეგისტრირებული მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება.
იმ მედიასაშუალების ჟურნალისტზე, რომლის საქმიანობაც არ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია არ გაიცემა. საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციას გასცემს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.
დასაშვებია მედიასაშუალების სახეობის მიხედვით საპარლამენტო ჟურნალისტად შემდეგი რაოდენობის ჟურნალისტის აკრედიტება:
ა) ბეჭდვითი ორგანოს (გაზეთის, ჟურნალის) შემთხვევაში – არაუმეტეს 2 ჟურნალისტისა;
ბ) რადიომაუწყებლის შემთხვევაში – არაუმეტეს 2 ჟურნალისტისა;
გ) ონლაინგამოცემის შემთხვევაში – არაუმეტეს 4 ჟურნალისტისა;
დ) ტელემაუწყებლის შემთხვევაში:
დ.ა) საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 7 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა;
დ.ბ) საერთო საეთერო ეროვნული ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 7 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა;
დ.გ) სხვა ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 3 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა.
მედიასაშუალება უფლებამოსილია სააკრედიტაციო წლის განმავლობაში შეცვალოს საპარლამენტო ჟურნალისტების სია. იმ ჟურნალისტს, რომელსაც არ აქვს საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია.
აკრედიტებულ ჟურნალისტს უფლება აქვს: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის ვიდეო- და ფოტოგადაღება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, მის მიერ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი ადგილიდან.
აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია: ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას; საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს მისი სამუშაო ოთახი; საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ; საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება.
რაც შეეხება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების სპეციალურ ვადებს, შემდეგნაირად განისაზღვრა: 2023 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადები მიიღება 2023 წლის 7 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით. 2023 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია გაიცემა 2023 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.




























