ოპოზიციის პარლამენტში შესვლას და არც მათ არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს, თუ არ შევიდოდნენ, იქნებოდა მეტი სიმშვიდე ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა სიმშვიდეს ასეც და ისეც დავიცავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყვარელში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას.
„მე მგონია, რომ ისინი შევლენ პარლამენტში. არც მათ შესვლას და არც მათ არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს. თქვენ იცით, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას და თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება მათი საქმიანობა. არც მათ შესვლას და არც მათ არ შესვლას არავითარი ფასი არ აქვს. თუ არ შევიდოდნენ, იქნებოდა მეტი სიმშვიდე ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა სიმშვიდეს ასეც და ისეც დავიცავთ. მოკლედ, მათი გადასაწყვეტია, უნდათ შემოვიდნენ, უნდათ ნუ შემოვლენ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, არავითარი დამოუკიდებლობა ე.წ. ოპოზიციას საქართველოში არ აქვს, ისინი უბრალოდ არიან უცხოური აგენტები.
„მუდმივად ასე ხდებოდა, როცა ომის თემებს ეხებოდა საუბრები, როცა სანქციების დაწესებას, ან თვითმფრინავებით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, სულ ასე იყო, მოდიოდა რაღაც მოთხოვნა, არ ვაკეთებდით, რადგან ვიცავდით საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მეორე დღეს კი ქუჩაში გამოჰყავდათ ოპოზიცია და ქუჩაში ითხოვდნენ იმავეს. აქ ჩანს, რომ არის პირდაპირი კომუნიკაცია. არავითარი დამოუკიდებლობა ამ პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ოპოზიციას საქართველოში არ აქვს, უბრალოდ ისინი არიან უცხოური აგენტები, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს, ხაზარაძის სიტყვებით რომ ვისაუბროთ“, - განაცხადა პრემიერმა.