მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში პენიტენციურ კოდექსში შესატანი ცვლილებები დაინიციირდა - დეტალები

ციხე

კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულსა და ტერორიზმი ბრალდებულებს ან მსჯავრდადებულებს შესაძლოა, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის უფლება შეეზღუდოთ.

პენიტენციურ კოდექსში შესაბამისი ცვლილების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაინიციირდა.

კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით მოწესრიგებულია ბრალდებულისთვის შესაბამისი უფლებების შეზღუდვის საკითხები იმ შემთხვევებში, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად არის აუცილებელი, თუმცა არ არის დარეგულირებული ისეთი შემთხვევები, როდესაც ბრალდებულისთვის, მსჯავრდადებულისთვის შესაბამისი უფლებების შეზღუდვის საჭიროება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნიდან შეიძლება გამომდინარეობდეს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაბამისი ბრალდებულისთვის/მსჯავრდადებულისთვის უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას პენიტენციური დაწესებულების დირექტორი მიიღებს, რომელიც დაეყრდნობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციას ან პენიტენციური კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას. უფლებები შესაძლოა 3 თვემდე ვადით შეიზღუდოს, თუმცა კანონპროექტი ამ ვადის გაგრძელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

ამასთან, კანონპროექტით დადგენილია უფლების/უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვის ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ის სამართლებრივი საფუძველი, რომლის გამოც უფლება შეიზღუდა.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ქეთევან ჩარკვიანი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები