მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში "რუსული კანონის" განხილვა 13 მაისს, 9 საათზე ჩაინიშნა

ქართული ოცნება დარბაზში რუსული კანონის კენჭისყრისას

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "რუსულ კანონს" ორშაბათს, 13 მაისს განიხილავს.

პროცედურის მიხედვით, ორი მოსმენით მიღებული კანონი ჯერ კომიტეტმა კიდევ ერთხელ უნდა განიხილოს და მხოლოდ ამის შემდეგ დადგება მესამე მოსმენის კენჭისყრაზე.

სავარაუდოდ, ორშაბათს ბიუროზე გახდება ცნობილი მესამე მოსმენის თარიღი, რომელიც სავარაუდოდ, 17 მაისია.

აღსანიშნავია, რომ რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.

პროცედურის მიხედვით, მესამე მოსმენისას კანონპროექტს წარადგენს მომხსენებელი, რომელსაც პარლამენტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძლება მისცენ რედაქციული შენიშვნები. რედაქციული შენიშვნებისათვის თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამასთანავე, პირი ერთსა და იმავე საკითხზე შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.

მესამე მოსმენისას კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს მთლიანად ეყრება კენჭი. დაუშვებელია მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტში რაიმე შესწორების შეტანა.

"რუსული კანონი" ორი მოსმენით და ორივე შემთხვევაში უმრავლესობის ყველა, 83 დეპუტატის ხმით "ქართულ ოცნებას" უკვე მიღებული აქვს.

1 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მეორე მოსმენაზეც 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები