იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების, ლევან ნემსაძისა და მიხეილ ჯინჯოლიას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
სამუშაო ჯგუფს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს.
სამუშაო ჯგუფში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხუთი წევრი - არჩილ გორდულაძე, დავით მათიკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი და აკაკი ალადაშვილი ეყოლება, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ ერთი წევრი - ნიკა ელისაშვილი და პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ ასევე ერთი წევრი - გურამ მაჭარაშვილი.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში აგრეთვე შედიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის, „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორი დავით სიმონია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ მოუსმენს.




























