პარტია „საქართველოსთვის“ ბოიკოტს არ უერთდება.
როგორც პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, წინ არის ვეტოს საკითხი, მათ შორის ოფშორების საკითხზე ვეტოს საკითხი. შესაბამისად, უნდა გამოიყენონ ყველა პლატფორმა, მათ შორის პარლამენტშიც.
„დღეს ქართულმა ოცნებამ, მისმა სადეპუტატო დაჯგუფებამ მთლიანად გაიყვანა ქვეყანა საკონსტიტუციო ფარგლებს გარეთ. უზრუნველყო ის, რომ იმ შენობაში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, დღეს მიიღო კანონი, რომელმაც ფაქტობრივად გააუქმა დამოუკიდებლობის აქტი და შეცვალა ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო ვექტორები.
ამ მოცემულობაში, ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ გვაქვს საშუალება კანონის მიღმა გასულ ხელისუფლებას ერთი ამოსუნთქვით შევაცვლევინოთ მისი კურსი. ამას სჭირდება მომზადება, თითოეული ჩვენთაგანის ერთობა, განგრძობითად მუშაობა, პროტესტი. ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ხელისუფლება ჩაბარდეს პოლიტიკურ წარსულს. ქართული ოცნება დღეს დამარცხებულია. ამას სჭირდება უბრალოდ ყველას ერთად ჩვენს მიერ გაფორმება.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ყველა ტრიბუნის, ყველა საშუალების გამოყენებით. ქუჩაშიც, პარლამენტშიც. არავის მივცემთ „ქართული ოცნებიდან“ იმის კომფორტს, რომ როგორც დღეს უნდოდათ თავის ჭკუაზე კანონი ისე მიეღოთ, რომ ხმა არ გამოსულიყო პარლამენტის შენობიდან და როგორც მიიღეს კანონი გუშინ კომიტეტზე მალულად, ფარულად მესამე მოსმენით. ასეთი საშუალება არ ექნებათ.
თუ გვინდა, რომ ეს მუხტი შევინარჩუნოთ საზოგადოებაში, თუ გვინდა, რომ ისინი დავამარცხოთ და წერტილი დავუსვათ, ჩვენ გვჭირდება ბრძოლა გაათმაგებული შემართებით“, - აცხადებს ლილუაშვილი
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში ერთად იბრძოლონ და ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტმა დღეს, 14 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო. კენჭისყრის შედეგებით კი კანონპროექტს 84-მმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 30-მა კი არ დაუჭირა.