საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსების საკითხს კიდევ ერთხელ შეეხო. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად პრობლემურია NGO-ების გავლით პოლიტიკური პარტიებისა და სუბიექტების დაფინანსება, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია დადებითია და უკეთესობისკენ ე.წ. “უცხოელი აგენტების” კანონპროექტის დაინიციირების შემდეგ შეიცვალა.
“პარტიების თუ პოლიტიკური სუბიექტების ირიბი დაფინანსება პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს კანონმდებლობას, ისე სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში დამკვიდრებულია საყოველთაო მიდგომა, რომ პოლიტიკური სუბიექტები მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი წყაროებიდან უნდა ფინანსდებოდნენ და არა - საზღვარგარეთული.
იყო გარკვეული გადახვევები, როდესაც არც თუ ირიბად ხდებოდა კონკრეტული სუბიექტების დაფინანსება, თუმცა ტენდენცია არის დადებითი, რაც მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ. მას შემდეგ აღარ ხდება ირიბი წესით პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში, მასშტაბები შემცირებულია, რაც არის ძალიან კარგი”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები და NGO-ებისთვის დაფინანსების წესის ცვლილება, პრემიერი განმარტავს, რომ პროცესი კანონმდებლობით უკვე დარეგულირებულია.
“საუბარი იყო არა NGO-ების, არამედ პარტიებისა და პოლიტიკური სუბიექტების ირიბ დაფინანსებაზე, ფიქციური არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რაც არასწორი პრაქტიკაა. ახალი კანონების მიღება არ იგეგმება, მოქმედი კანონმდებლობით უკვე მოწესრიგებულია პარტიათა ირიბი დაფინანსების საკითხი. ამ კანონის ფარგლებში, თუ რაიმე ზომები იქნება მიღებული, ეს ანტიკორუფციული სამსახურის საქმეა, სხვა მხრივ, ცვლილებები არ იგეგმება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.