მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარტნიორების მიმართ ბრალდებების შედეგად საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი
05.07.24 21:26
1572

ამერიკელი პარტნიორების მიმართ წარმოთქმული ბრალდებების შედეგად საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე გაყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უქმნიან ბევრად დიდ საფრთხეს.

„ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმული ბრალდებების (მეორე ფრონტის თუ გადატრიალებისა) შედეგად ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე გაყვანა. ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

რამდენიმე წუთის წინ პენტაგონმა განცხადება გაავრცელა, რომ აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი. პენტაგონის ცნობით, „ღირსეული პარტნიორის“ გადადება უკავშირდება აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, რომ ზეწოლა ხდება საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, ასევე ინფორმაციას, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში იღებდა დასავლეთი მონაწილეობას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პენტაგონის ამ გადაწყვეტილებას დასანანი უწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები