რომელიმე დიპლომატმა ახსნას ორმხრივ ურთიერთობებში რა წარმატებები გვაქვს - ამ კითხვით მიმართავს დიპლომატი და EUGBC-ის გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე თავის კოლეგებს, რომლებიც დღეს ქვეყნის დიპლომატიურ უწყებაში მუშაობენ. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
ზვიად ჭუმბურიძე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მათ შორის ელჩად 2000-2013 წლებში მუშაობდა, დღეს ამ უწყებას „ფუნქცია დაკარგულს“ უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანა ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობასთან აღარ თანამშრომლობს.
"ჩვენ ვსაუბრობთ, იმაზე, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ჩავარდა და გაიყინა ყველაფერი. ევროკავშირი შედგება წევრი ქვეყნებისგან, ევროპული ქვეყნებისგან. ახლა ვინმემ ახსნას - ჩემმა მოქმედმა კოლეგებმა, რომელიც მე ვიტყოდი, ფუნქცია დაკარგულ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობენ ან მმართველი პარტიიდან ვინმემ თქვას ორმხრივ ურთიერთობაში რა წარმატებები გვაქვს? ვთქვათ ორმხრივ პოლიტიკურ, ეკონომიკურ ურთიერთობაში, გვაქვს კი ვინმესთან რაიმე თანამშრომლობის ფორმატი? ყველა ფორმატი გაჩერებულია, გაჩერებულია ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან - საფრანგეთთან, გერმანიასთან. ასევე, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ბრიტანეთის პოზიცია სწორედ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან უარყოფითია. ძალიან გულსატკენია, რომ ჩვენ ჩვენივე ხელით გავაკეთეთ ის, რისთვისაც ათწლეულების მანძილზე, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვიბრძოდით... ჩვენს მიმართ არაკეთილგანწყობილი არსებულ ქვეყანა რუსეთს ყველა მცდელობა ჰქონდა, რომ ეს [ევროინტეგრაციის] პროცესი შეეჩერებინა და ახლა ქართველებმა ჩვენი ხელით გავაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი“, - აცხადებს დიპლომატი.
ზვიად ჭუმბურიძეს აინტერესებს რისთვის სჭირდება ქვეყანას საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი თუ დიპლომატიურ სამსახურში მყოფებს ბრიუსელში არ ჩაესვლება, საქართველოს ელჩებს EU-ის ქვეყნებში კი "ღირსებააყრილები" არიან.
"მაინტერესებს, რისთვის გვჭირდება ან საგარეო საქმეთა მინისტრი? რა ფუნქცია აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როდესაც ბრიუსელში აღარ ჩაგესვლება და ვერავის ვერ ეკონტაქტები. კატასტროფულ მდგომარეობაშია ჩვენი საელჩოებიც, პირდაპირ გეტყვით, ღირსებააყრილი ელჩები, რომლებიც ევროპულ და ამერიკულ განზომილებაში ვერავის ვერ ხვდებიან და ვერავის ველაპარაკებიან. რა არის ეს? ეს არის სწორედ ის, რაც რუსეთს აინტერესებს. ამგვარად ჩვენ ვკარგავთ, ჩვენი ევროპული ინტერესების ხაზის დაკარგვის პროცესში ვართ. ეს არის ყველაზე მთავარი", - ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.
დიპლომატი აცხადებს, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ნდობის დაკარგვა საგარეო პოლიტიკური მარცხს ნიშნავს და ამ ნდობის დაბრუნებას დიდი დრო დასჭირდება.
„ადრე ვფიქრობდი, რომ ურთიერთობების აღსადგენად შეიძლება ექვსი თვე დაგვჭირვებოდა, ახლა ამას შეიძლება წელიწადი, ორი წელიწადი და უფრო მეტი დასჭირდეს, იმიტომ, რომ როდესაც შენ პარტნიორების ნდობას კარგავ, ჩათვალეთ, რომ ეს არის პირველ რიგში პოლიტიკური, საგარეო პოლიტიკური მარცხი, კრახი.
აქ მხოლოდ ევროპელები ხომ არ არიან, აბსოლუტურად მკაფიო განაცხადი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა, რომელთანაც პრაქტიკულად სტრატეგიული პარტნიორობა გავაუქმეთ და თუნდაც რუბიოს მიმართ გაგზავნილი ორპარტიული წერილი, მოთხოვნა, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელზე გაიგზავნა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ამერიკა, ორპარტიული მიდგომით, პრაქტიკულად კიდევ ერთხელ გაფრთხილებს და გეუბნება: - ეცადე, რომ ის, რაც ჩვენ შევქმენით ბოლო 32 წლის მანძილზე. ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან, ფაქტობრივად 93 წლიდან დაიწყო, ჩვენ არა მარტო კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ, არამედ ჩავჭერით და გავაჩერეთ“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ და დასძინა: „მე ვერ მოვისმინე პასუხი მმართველი პარტიისგან, რა ალტერნატივა შეიძლება იყოს ევროპელების და ამერიკელების სანაცვლოდ, რა ალტერნატივამ შეიძლება ეს ჩაანაცვლოს - დსთ-მ, პირობითად თუ რუსეთმა?“




























