მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარტნიორი კურიერი - რით განსხვავდება პარტნიორი დასაქმებულისგან?

643ebbcdd655a
BM.GE
18.04.23 19:49
683
ბოლო ორი თვეა, აქტიურად განიხილება სხვაობა შრომით ხელშეკრულებასა და კომპანიასთან პარტნიორულ ურთიერთობას შორის. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ კურიერების ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავდა. როგორც ცნობილია, კურიერები ინდივიდუალური მეწარმეები არიან და პლატფორმულ ბიზნესთან პარტნიორობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ არა შრომითი, არამედ - მომსახურების ხელშეკრულებაა გაფორმებული.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, BM.GE შეეცადა გაერკვია, რით განსხვავდება ერთმანეთისგან შრომითი და მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც ინდმეწარმეების სხვადასხვა პლატფორმულ ბიზნესთან თანამშრომლობის პირობებს ადგენს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში სერვისების გაციფრულების ტენდენცია სულ უფრო მზარდია და დიდი წარმატებით იყენებენ ისეთი პლატფორმული კომპანიები, როგორებიც არიან მიტანის სერვისი, ტაქსის მომსახურება და სხვა ბიზნესებია.

პლატფორმული ბიზნეს მოდელის არსი რომ უფრო გასაგები იყოს, განვმარტავთ - ციფრულ ბიზნესში, მხარეები ერთმანეთს პლატფორმის მეშვეობით უკავშირდებიან. ციფრული ბიზნესი, მისი პლატფორმის საშუალებით, სავაჭრო ობიექტს ეხმარება, შესთავაზოს მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი, ან მომსახურება. კურიერებს ეს პროდუქტი მომხმარებლამდე მიაქვთ და სანაცვლოდ, შედარებით მაღალ ანაზღაურებას იღებენ.

კურიერთა უმეტესობა ინდივიდუალური მეწარმეა. სავაჭრო ობიექტებიც ან ინდივიდუალური მეწარმედ, ან დამოუკიდებელ ბიზნესად არიან რეგისტრირებული. შესაბამისად ყველა ასეთ მხარეს პლატფორმულ ბიზნესთან მომსახურების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. პარტნიორი კურიერების უმეტესობისთვის თანამშრომლობის ეს ფორმა მისაღებია, რადგან, ასეთი შეთანხმების საფუძველზე, მათ არაერთი უპირატესობა აქვთ. მაგალითად, მოქნილი გრაფიკი, კონკურენტ კომპანიებთან თანამშრომლობის საშუალება, პარალელურად სწავლის შესაძლებლობა და ა.შ. შრომითი ხელშეკრულება კი არეგულირებს სამუშაო საათებს, უფლება-მოვალეობებს, შვებულებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

იმისათვის, რომ განსხვავება უფრო თვალსაჩინო იყოს, მთავარი დებულებები ცხრილში გადავანაწილეთ:


იურიდიული კომპანია ILC - International Law Center-ის დირექტორი, იურისტი, რაულ აგიკიანი BMG-ისთან შრომით და მომსახურების ხელშეკრულების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს. მისი თქმით, განვითარებულ ქვეყნებში თავისუფალი სამუშაო გრაფიკი დიდი ხნის დანერგილია, რაც ადამიანებს სხვადასხვა მიმართულებით შესაძლებლობებს უჩენს.

“შრომითი ურთიერთობა ეს არის კორპორაციული დამოკიდებულება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, როდესაც დამსაქმებლის მითითებისამებრ დასაქმებული სამუშაოს კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ დროში ახორციელებს. კომპანიასა და კურიერებს შორის ურთიერთობები სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობებია, შესაბამისად იმის თქმა, რომ პროტესტი შრომითი პირობებს ეხება ეს არასამართლებრივია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანები ითხოვენ სამოქალაქო სახელშეკრულებო პირობების გადახედვას, რაც მათი და იმ კომპანიის საქმეა, რომელთანაც აქვთ ხელშეკრულება. დღეს ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიები ძირითადად ევროპული კომპანიები არიან და ისინი ათწლეულების განმავლობაში ამ მეთოდებით მუშაობენ“, - ამბობს რაულ აგიკიანი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი სალომე შუბლაძე ამბობს, რომ მშრომელებს პირობების გადახედვის მოთხოვნის უფლება აქვთ. მისი ინფორმაციით, პროტესტში მონაწილე კურიერების ნაწილი სასამართლოს გზით აპირებს დავას.

„კომპანია ამ პირებს დასაქმებულებად არ მიიჩნევს და მათთან გაფორმებული აქვთ პარტნიორული ურთიერთობის შეთანხმება და მათ დამოუკიდებელ კონტრაქტორებად მიიჩნევს, რაც მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა. წლების განმავლობაში აპლიკაციაზე დაფუძნებული ბიზნეს კომპანიები ამგვარ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ, თუმცა მსოფლიოსა და საქართველოშიც სხვადასხვა უწყებების პოზიციით იმის მიუხედავად თუ რა ჰქვია ხელშეკრულებას, განხილვა უნდა მოხდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებზე დაყრდნობითა და ამ ურთიერთობების შინაარსიდან გამომდინარე. ასე თუ შევხედავთ, ეს არის შრომითი ურთიერთობა, რომელიც ინიღბება პარტნიორული ხელშეკრულებით”, - განმარტავს სალომე შუბლაძე.

BMG კურიერებსაც შეხვდა. მათი დიდი ნაწილისთვის მომსახურების ხელშეკრულება კომფორტულია, რადგან სწავლის გაგრძელების საშუალება ეძლევათ. ზოგიერთი კურიერი ერთდროულად რამდენიმე პლატფორმულ ბიზნესთან თანამშრომლობს. ბევრი მათგანისთვის კურიერობა არა ძირითადი, არამედ - დამატებითი შემოსავლის წყაროა და ამ საქმიანობას ძირითად სამსახურს უპრობლემოდ უთავსებენ. თუმცა, ცხადია, არიან ისეთებიც, ვისაც თავისუფალი გრაფიკი მოსწონს, თუმცა მიაჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, უკეთეს სამუშაო პირობებს მიიღებს.

სხვადასხვა პლატფორმული ბიზნესის წარმომადგენლებმა არაერთხელ ისაუბრეს პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატზე. კომპანიები, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო ბრენდებს წარმოადგენენ, ამ ქვეყანაში ოპერირებისთვის სწორედ საერთაშორისო გამოცდილებას იყენებენ. Მათი განცხადებით, საქართველოში მოქმედებს ზუსტად ის სტანდარტები, რაც მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში.








გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები