"ქართულ კომპანიებს უწევთ, დასაქმებულები ყველგან მოიძიონ, სადაც ამას შეძლებენ", - ამის შესახებ GLCC Law Firm-ის პარტნიორმა შალვა ცხაკაიამ განაცხადა. როგორც მან კადრების დეფიციტზე საუბრისას "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, კომპანიებში, მათ შორის, საკურიერო მომსახურების სფეროში, უცხოელებს ასაქმებენ.
"ვინც ხშირად საკურიერო მომსახურებას იყენებთ, კარგად იცით, რომ ყველას უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება უწევს, მათ შორის, ისეთების, რომლებიც ქართულად საერთოდ ვერ საუბრობენ. არ შეიძლება, ისეთ სერვისში, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა მოიაზრება, კომპანიას უნდოდეს, ისეთი თანამშრომელი დაასაქმოს, რომელიც ქართულ ენაზე არ საუბრობს. ეს მხოლოდ ჩვენთან შემოსული მიგრანტების რაოდენობის გამო არ ხდება. ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში საკმარისი მუშა ხელი არ არის იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები, ქართულ ენაზე მოსაუბრე მოქალაქეები დასაქმდნენ", - განაცხადა შალვა ცხაკაიამ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შრომისუნარიანი მოქალაქეების ნაწილი ქვეყანას ტოვებს, ადგილზე დარჩენილების ნაწილის კომპეტენცია კი დაბალია.
"უნარებთან დაკავშირებული შეუსაბამობის პრობლემაა. ბევრ სექტორში, მათ შორის, მომსახურების დარგში, პრობლემური არის შესაბამისი უნარების მქონე თანამშრომლების მოძიება. დიდი ნაწილი მიემგზავრება საზღვარგარეთ უკეთესი ხელფასისთვის", - აღნიშნა მან.