მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ

მარიოტი და პაშა

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ - შესაბამისი შეთანხმება კომპანიებს შორის დღეს გაფორმდა, რომელიც 2 ქვეყანაში სასტუმროებისა და საცხოვრებელი კომპლექსების განვითარებას მოიცავს.

ახალი პარტნიორობა ბაქოს სანაპიროზე The Ritz-Carlton-ის სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობას, ამასთან დედაქალაქში არსებული კომპლექსის გაფართოებას, საქართველოს დედაქალაქ თბილისში კი Le Méridien-ის სასტუმროს გახსნას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს, Le Méridien-ი საკუთარი პორტფელის გაფართოებას თბილისში, ჩუღურეთის რაიონში გეგმავს. პროექტი 152 თანამედროვე ნომერს, კვების ობიექტებს, საკონფერენციო სივრცეებსა და ფიტნესცენტრს გააერთიანებს. სასტუმროში ტრადიციული ლობის თანამედროვე ალტერნატივა, ბრენდული სივრცე Le Méridien Hub-ი მოეწყობა.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის BM.GE PASHA Real Estate-ის წარმომადგენლობას საქართველოში მიმართავს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება აზერბაიჯანის პროექტებს, ისინი კასპიის ზღვის სანაპიროზე, ზაგულბას სანაპირო ზოლში განთავსდება. კომპლექსი The Ritz-Carlton Baku, Zagulba 80 ნომერსა და ლუქსს, გამაჯანსაღებელ სივრცეს, სპას, დახურულ აუზსა და სანაპირო კლუბს გააერთიანებს. პარტნიორები ამავე ტერიტორიაზე განათავსებენ საცხოვრებელ კომპლექს The Ritz-Carlton Residences, Baku, Zagulba-ს, სადაც 282 პრემიუმ კლასის აპარტამენტი და ვილა მოეწყობა. მობინადრეებისთვის საკლუბო სივრცე, საბავშვო კლუბი, კინოთეატრი და კერძო სანაპირო შეიქმნება.

ამას გარდა, PASHA Real Estate Group-ი ბაქოში 2023 წელს გახსნილი The Ritz-Carlton Residences-ის გაფართოებას და ახალი საცხოვრებელი კოშკის დამატებას გეგმავს. ახალი კოშკი დამატებით 238 რეზიდენციას, ლაუნჯს, სპორტულ დარბაზსა და საცურაო აუზს მოიცავს.

ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას The Ritz-Carlton Baku-მ უმასპინძლა. ღონისძიებას PASHA Real Estate Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ოზგურ გეთერი და Marriott International-ის რეგიონული პრეზიდენტი ნილ ჯონსი სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ. კომპანიების ლიდერებმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში პრემიუმ კლასის მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამისთვის ერთობლივად ყველაფერს გააკეთებენ.

Marriott International-ის რეგიონული პრეზიდენტის ნილ ჯონსის შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში საერთაშორისო ბრენდებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. PASHA Real Estate Group-ის აღმასრულებელი დირექტორის ოზგურ გეთერის განცხადებით, ეს პარტნიორობა მიზნად რეგიონის გრძელვადიან ეკონომიკურ გაძლიერებასა და ცხოვრების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ისახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები