პარიზში მიმდინარე მსოფლიოს აეროპორტების გამოფენასა და კონფერენციაზე საქართველო აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა წარმოადგინა. თამარ არჩუაძე, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო, მსოფლიოს უმსხვილესი აეროპორტებისა და საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გააცნო.
"PASSENGER TERMINAL EXPO 2022- ზე წარმოვადგინეთ პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებულ უნივერსალურ ბიზნეს-მოდელზე. გაფართოების შემდეგ, ეს არის ჩვენი აეროპორტის პირველი მასშტაბური წარდგენა საერთაშორისო ტრიბუნაზე. ვცდილობთ, ყველა საერთაშორისო დონის ღონისძიებებზე მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნისა და აეროპორტების სწორი პოზიციონირება. პრეზენტაციისას ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რაც ქუთაისის აეროპორტს გაფართოების შემდეგ გაუჩნდა და რასაც ჩვენ მგზავრებსა და ავიაკომპანიებს ვთავაზობთ, მათ შორის რეგიონში კონკურენტული ფასებით,"-განაცხადა თამარ არჩუაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა PASSENGER TERMINAL EXPO 2022-ზე კონფერენციაზე ქუთაისის აეროპორტის შესახებ პრეზენტაცია ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს დირექტორთან ერთად წარადგინა, რომელსაც აეროპორტის კონცეფტ-დიზაინი ეკუთვნის.
"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაპროექტებისას გაგვიჩნდა იდეა, რომ აეროპორტი არ ყოფილიყო მხოლოდ ქვეყნიდან გამგზავრებისთვის, ან ჩამოფრენისთვის. არამედ ყოფილიყო ადამიანების შეხვედრის ადგილი, მათ თავი ეგრძნოთ კომფორტულად და ეპოვათ ახალი გამოცდილება, მაგალითად იმ უნიკალურ გამწვანებულ ტერასაზე, რომელიც ქუთაისის აეროპორტის განახლებულ ტერმინალს აქვს",-განაცხადა ფრანს ვან ვუურემ.
PASSENGER TERMINAL EXPO მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე. ორი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ შეიკრიბნენ.




























