მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“პატარა კომპანიებისთვის ბაზარი მცირდება” - რა იცვლება მიკროსიმძლავრის სადგურების ნეტო დარიცხვის მოდელზე გადასვლით?

მზის პანელები

1 ოქტომბრიდან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია ნეტო აღრიცხვის სისტემის ნაცვლად ნეტო დარიცხვის რეგულაციის ფარგლებში ხორციელდება. ამ ეტაპზე აღნიშნული მხოლოდ "ენერგოპრო ჯორჯიას" აბონენტებს ეხება, რადგან ნეტო აღრიცხვისთვის გათვალისწინებული 20%-იანი ლიმიტი "ენერგო პროს" შემთხვევაში რამდენიმე თვის წინ ამოიწურა.

20%-იანი ლიმიტიდან დღეს მხოლოდ 13%-ია ათვისებული "თელასის" შემთხვევაში, შესაბამისად თბილისში მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობა და ნეტო აღრიცხვის სქემაში ჩართვა ჯერ შეზღუდული არ არის.

ახალი სქემით, ნეტო დარიცხვის სქემაში, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, ქსელში მიწოდებული კილოვატ საათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად, მიწოდებულ თითოეულ კილოვატზე მიიღებს შესაბამის საფასურს, ხოლო ქსელიდან მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების, ისე ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს.

ბაზრის მოთამაშეებს მიაჩნიათ, რომ ნეტო დარიცხვა იგივე ნეტო ბილინგის მოდელი გაცილებით უფრო მიმზიდველი იქნება კომპანიებისთვის, ვიდრე ფიზიკური პირებისთვის, რადგან იმ შემთხვევაში თუ ისინი მყისიერად ვერ შეძლებენ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარებას, საკმაოდ დაბალ ფასად მოუწევთ მიყიდვა გამანაწილებელი კომპანიისთვის.

“ძირითადი განსხვავება არის ის, რომ ქსელში რაც გადავა გამომუშავების სიჭარბე, მისი მყისიერად შესყიდვა მოხდება. ანუ ეს არ მოხდება რაღაცა თვის ჭრილში, წლის ჭრილში ან როგორც იყო მაგალითად ნეტო აღრიცხვის შემთხვევაში, მყისიერად მოხდება. ასევე არსებობს შესაძლებლობა, თავისუფალმა მიმწოდებელმა შეისყიდოს ეს ჭარბად გადადინებული ელექტროენერგია, თუმცა ამისი მექანიზმები ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით დახვეწილი არ არის.

ამაზე ვმუშაობთ ასოციაცია თავისუფალ მიმწოდებლებთან ერთად და შევეცდებით, რომ შესაძლებელი გახდეს, რომ ეს ჭარბად გადადინებული ელექტროენერგია უფრო ძვირად იქნეს შესყიდული თავისუფალი მიმწოდებლის მიერ, ვიდრე არის გამანაწილებელი კომპანიების მიერ შემოთავაზებული. აი ეს არის ძირითადი ცვლილება.

მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად მცირე ბიზნესი ისარგებლე ამ მოდელით, რადგან კომპანიები, რომლებიც დღის განმავლობაში, ანუ თავიანთ მოხმარებას დაამთხვევენ გენერაციას, ისინი ნაკლებად გადაუშვებენ ჭარბ ელექტროენერგიას ქსელში, ანუ თვითონ თავად გამოიყენებენ ამ ელექტროენერგიას და აქედან გამომდინარე არ მოუწევთ იაფად მიჰყიდონ ეს ელექტროენერგია გამანაწილებელ კომპანიებს.

ის პირები და ასეთი ძირითადად არიან ფიზიკური პირები, რომლებიც სახლში არ იმყოფებიან დღის განმავლობაში და ჭარბი ელექტროენერგია გადის ქსელში, ისინი იქნებიან ყველაზე წამგებიან სიტუაციაში. აქ გამოსავალს ასოციაცია და სხვა კომპანიები ვხედავთ შემნახველების დამონტაჟებაში, ანუ სააკუმულატორო სისტემების, რომ დღისით გამომუშავებული ელექტროენერგია დაგროვდეს და შემდგომ საღამოთი იქნეს გამოყენებული თვითონ მომხმარებლის მიერ",- აცახდებს ჰელიოს ენერჯის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია.

ნეტო ბილინგზე გადასვლას გავლენა აქვს მზის ელექტროსადგურების მშენებლობით დაკავებული კომპანიებზეც. ჰელიოს ენერჯის დამფუძნებლის თქმით, ბაზარი განსაკუთრებით პატარა კომპანიებისთვის მცირდება.

“ამ მოდელს რა თქმა უნდა გავლენა აქვს. ძირითადად ეს გავლენა იგრძნობა პატარა კომპანიებზე, რომლებიც დიდ პროექტებთან მიმართებით ვერ მუშაობენ და ძირითადად ნეტო აღრიცხვის ფარგლებში საქმიანობდნენ. პატარა კომპანიებს შეექმნებათ პრობლემა, რადგან მათთვის ბაზარი შემცირდება. რა თქმა უნდა, დიდი კომპანიებისთვისაც ბაზარი მცირდება და მთლიანად სეგმენტისთვის ბაზარი მცირდება, თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მეორე მხარეს ბაზრის გაფართოებას ველოდებით.

ანუ ველოდებით CFD აუქციონზე გამარჯვებული სადგურების აშენებას, ამასთანავე მოგეხსენებათ, რომ პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობს მემორანდუმების გაცემა, ანუ ნელ-ნელა დაიწყება დიდი სიმძლავრის, ვგულისხმობ 2 მეგავატი და კიდევ უფრო მეტი სიმძლავრის სადგურების მშენებლობა. ასე რომ, მზის ენერგეტიკა აგრძელებს განვითარებას, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, თუმცა აი, ქვემოთ, პატარა მომხმარებლების დონეზე გვაქვს ბაზრის შემცირება”,- აცხადებს თორნიკე დარჯანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები