საქართველოს პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის ბაზარზე მნიშვნელოვანი გარიგება განხორციელდა. საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გასცა თანხმობა შპს "დეილის" მიერ "რითეილ ინვესთმენთის", ანუ "მაგნიტის" 100%-იანი წილის შესყიდვის თაობაზე. შედეგად დეილი", "მაგნიტი", "გვირილა", "სპარი" და "იოლი" ერთ ჯგუფში გაერთიანდა.
ჯგუფში შემავალი ქსელური მარკეტების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 1,600-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გააერთიანებს, რაც ორგანიზებული ბაზრის წილის დაახლოებით მესამედია. დასაქმებულთა რაოდენობა მიმდინარე მდგომარეობით 18 000-მდე ადამიანს მოიცავს.
რითეილ ექსპერტი, „მაგნიტის“ ყოფილი დირექტორი ია ნადირაშვილი ფიქრობს, რომ კონცენტრაცია ჯგუფში შემავალ კომპანიებს ეფექტური მართვის და ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას მისცემს. მთავარ რისკებს შორის კი ბაზრიდან მცირე ზომის მაღაზიების გაქრობა და გრძელ ვადაში ოლიგოპოლიური ბაზრის განვითარებაა.
„ვერტიკალური ინტეგრაციის ნაწილი საშუალებას მისცემს ჰოლდინგში შემავალ კომპანიებს, რომ მიწოდების ჯაჭვი უფრო ეფექტურად მართონ, ხარჯების და მოგების ოპტიმიზაცია მოახდინონ. ასევე მათ საშუალება ეძლევათ სინერგიულად მათი გამოცდილება გააერთიანონ და ერთობლივი ძალებით განავითარონ FMCG ბაზარი. ეს შეიძლება იყოს სტანდარტის მაფორმირებელი. ეს მათ ასევე ტექნოლოგიური განვითარების საშუალებას აძლევს, შესაძლებელი ხდება პროდუქციის ასორტიმენტი, ასევე ექსკლუზიური ბრენდები გაიზარდოს, საკუთარი წარმოების ბრენდები განვითარდეს.
ბაზრის ამ ტიპის განვითარება კიდევ მოსალოდნელია, ამის რესურსი არსებობს, მათ შორის ლოგისტიკური ცენტრების მხრივ. შესაძლებელია ღირებულებათა ჯაჭვში მოხდეს ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, რაც ასევე გააჯანსაღებს მიწოდების ნაწილს და ეს მომხმარებლისთვის უკეთეს შეთავაზებას და ფასს წარმოქმნის.
რისკი არის ის, რომ პატარა მაღაზიებმა შესაძლოა ორგანიზებული ბაზრის ამ ტიპის განვითარებას ვერ გაუძლონ, ამიტომ უნდა იფიქრონ თავიანთ პოზიციონირებაზე, ანუ როგორ შეინარჩუნონ და შესთავაზონ მომხმარებელს უნიკალური პროდუქტი რითაც თავს დაიმკვიდრებენ.
გრძელვადიანში რისკი ის არის, რომ ფასებთან მიმართებაში ოლიგოპოლიური ბაზრის ტიპში არ გადაიზარდოს, თუმცა კონკურენციის სააგენტო აქტიურად არის ჩართული, თვალს ადევნებს და იმედს ვიქონიებთ ამის მეთვალყურეობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება,“ - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას ნადირაშვილმა.
თბს კაპიტალის ბოლო განახლების მიხედვითაც ჯერ კიდევ აგვისტოში ბაზრის ლიდერი „ნიკორა“ იყო. „ნიკორას“ წილი 18.9%-ს აღწევდა, რომელსაც 18.8%-იანი მაჩვენებლით „ორი ნაბიჯი“ და 13.6%-ით კარფური მოჰყვებოდა. მეოთხე პოზიციაზე იყო „სპარი“ 13%-ით, 9.7%-ით მეხუთეზე „მაგნიტი.“