მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პატარკაციშვილების ოჯახი უკრაინის მიერ IDS Borjomi-ის ჰოლდინგის კომპანიის აუქციონს უკანონოდ აფასებს

64102bbcce24e
შოთა ტყეშელაშვილი
14.03.23 12:20
1346
პატარკაციშვილების ოჯახი, რომელიც IDS Borjomi International-ის ჰოლდინგის 34.83%-ის მფლობელია, უკრაინის მთავრობის მიერ ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი “მორშინსკის” მინერალური წყლების კომპანიის აქტივების აუქციონს უკანონოდ აფასებს. უკრაინის აქტივების მოკვლევისა და მართვის სააგენტომ (АРМА) მორშინსკის წილები გასაყიდად 2023 წლის 10 თებერვალს გამოიტანა. კომპანიის შესყიდვის სურვილი 10-მა პრეტედენტმა გამოთქვა.

საქმე იმაშია, რომ IDS Borjomi International-ის ჰოლდინგის საკონტროლო პაკეტის მფლობელი სანქცირებული ოლიგარქები მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი იყვნენ, რომელთა ქონებაც უკრაინის მთავრობამ აღსრულებაში მოაქცია. თუმცა, IDS Borjomi-ის ჰოლდინგის მინორიტარი აქციონერების, პატარკაციშვილების ოჯახის შეფასებით, ეს პროცესი უკანონოა და ის მათ საკუთრების უფლებას ლახავს.

„პატარკაციშვილების ოჯახი აუცილებლად მიიჩნევს, APMA-ს მიერ გამოცხადებულ აუქციონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსიროს. აღვნიშნავთ, რომ ეს კონკურსი არ ეფუძნება უკრაინის მიერ მიღებული სანქციების კანონმდებლობას. ეს კონკურსი ცრუ სისხლისსამართლებრივ პროცედურას ეფუძნება. 

აუქციონი უხეშად არღვევს ჩვენს, როგორც არასანქცირებული აქციონერების უფლებებს. ჩვენი აზრით, ერთადერთი შედეგი, რასაც შეიძლება მოჰყვეს ეს აუქციონი, არის ბიზნესის განადგურება და დავები საკუთრების უფლების უხეში დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

ჩვენ გულწრფელად ვუჭერთ მხარს უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკანასკნელი, რაც ახლა გვენდომებოდა იქნებოდა ის, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურორის ოფისის რესურსები საკუთრების უფლების დარღვევის საკითხებზე საერთაშორისო სასამართლოებში დავებზე მოგვეცდინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით აქტივების აღდგენის დიდი გამოცდილება, ჩვენ გვსურს, რომ თავიდან ავიცილოთ მისი გამოყენება ამ სიტუაციაში. ამიტომ, მთელი ამ თვეების განმავლობაში, ჩვენი იურისტები მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენენ, რათა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცენ პოზიცია გამოყენებული პროცედურის არაადეკვატურობასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვთხოვთ გენერალური პროკურორის ოფისს ჩაატაროს გამოძიება ყადაღის დადებისა და აქტივების АРМА-სთვის გადაცემის მართებულობასთან დაკავშირებით, და ასევე მისცეს სამართლებრივი შეფასება აქტივების სხვა მართვაში გადაცემის შედეგად, იმ აქციონერების ქონების ფაქტობრივი დაყადაღების მცდელობას, რომლებიც არ ექვემდებარებიან სანქციებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

IDS Borjomi International-ს ოფიციალურად Rissa Investment Limited-ი ეწოდება. კომპანია კვიპროსის ოფშორში არის რეგისტრირებული. 2022 წელს იმისთვის, რათა კომპანიაზე საერთაშოროსო სანქციების რეჟიმი არ გავრცელებულიყო, შეიცვალა მისი მფლობელობის სტრუქტურა, ალფა ჯგუფის წილი 49.99%-მდე შემცირდა, ხოლო 7.73%-ის აქციების წილი საქართველოს სახელმწიფოს გადაეცა.

უცნობია დაფარავს, თუ არა სახელმწიფო წილს “მორშინსკის” მინერალურ წყლებში, რომელშიც საქართველო ასევე 7.73%-ის მფლობელია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით BMG კითხვით ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები